სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისა გახდა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1992 წელს საქართველოს სახელით, 1996, 2000 წლებში საბერძნეთის სახელით; დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში), მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი, სპორტის რაინდი კახი კახიაშვილი 50 წლის გახდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კახი კახიაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა – მიხეილ ბატიაშვილმა 16 ივლისს სამინისტროში მიიღო და ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა. შეხვედრას დაესწრო და კახიაშვილს იუბილე მიულოცა სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

მიხიელ ბატიაშვილი = „პირველ რიგში, მოგესალმებით და მსურს მოგილოცოთ ეს მართლაც ღირსშესანიშნავი თარიღი – 50 წლის იუბილე. ჩვენთვის ნამდვილად არახალია ის უამრავი მიღწევა და დამსახურება, რასაც თქვენს უნიკალურ სპორტულ კარიერაში მიაღწიეთ.

განსაკუთრებით მაინც პირველი დიდი ოლიმპიური გამარჯვება მსურს გამოვარჩიო, რომელიც თქვენს სამშობლოს – საქართველოს უკავშირდება. ნამდვილად დაუვიწყარი იყო ის ემოციები, როდესაც ასევე ჩვენს ლეგენდარულ სპორტსმენებთან, ძიუდოისტ დავით ხახალეიშვილთან და მოჭიდავე ლერი ხაბელოვთან ერთად, თქვენი გამარჯვების აღსანიშნავად, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე პირველად აჟღერდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ჩვენი ქვეყნის დროშა.

ეს ნამდვილად უნიკალური მოვლენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპორტსმენები მაშინ ჯერ კიდევ გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში გამოდიოდით.

ასევე, ნამდვილად სამაგალითო გახლავთ ბატონი კახის შემდგომი საქმიანობა რომელიც ასევე სპორტს და რა თქმა უნდა, ძალოსნობას უკავშირდება. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მუშაობისას, ქართული ძალოსნობა მართლაც რომ ახალ სიმაღლეებზე ავიდა.

ამის დასტურია ქვეყნის რეგიონებში გახსნილი ძალოსნობის ათეულობით დარბაზი, ათჯერ და მეტჯერ გაზრდილი მომეცადინეთა რიცხვი, ევროპულ და მსოფლიო სარბიელზე მოპოვებული რეკორდუ

ლი შედეგები, საქართველოში წარმატებით ჩატარებული დიდი საერთაშორისო შეჯიბრებები, მათ შორის 2015 წლის და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატები და ასევე 2016 წელს გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი.

ბატონო კახი, კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ 50 წლის საიუბილეო თარიღი და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ!“

წყარო – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი