„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - ორ წელში ევროსაგზურის მოპოვება გვსურს #1TVSPORT
„სამგურალის“ მთავარი მწვრთნელი - ორ წელში ევროსაგზურის მოპოვება გვსურს #1TVSPORT

სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. საწვრთნელი პროცესი თოვლისა და გართულებული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავადაც არ ჩაშლილა. „სამგურალი“ წყალტუბოში იანვრის ბოლომდე მოემზადება, 3 თებერვლიდან კი შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 17 თებერვლამდე მოემზადება და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

ჩემპიონატისთვის მზადების, დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისა და გუნდის მიზნების შესახებ „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

მზადება დაწყებულია

„მზადება 8 იანვარს დავიწყეთ, პირველი კვირა ძალიან ნაყოფიერი იყო. ახალწვეულებმა ადაპტაცია გაიარეს და გუნდს კარგად შეეწყვნენ. ვფიქრობ, საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ფეხბურთელები კარგად იგებენ მიცემულ დავალებებს, გაცნობიერებული აქვთ, რომ ამბიციური მიზნები გვაქვს და გვინდა წარმატებული სეზონი ჩავატაროთ. ამინდის გაუარესებამ და თოვლმა პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ვცდილობთ, რომ ცუდ ამინდს გავუმკლავდეთ და გეგმას არ გადავუხვიოთ. მცირედით ხელი ვირუსმაც შეგვიშალა, სამი ფეხბურთელი ერთი კვირით გამოგვაკლდა, თუმცა უკვე სამივე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება. ვცდილობთ, რომ ეს მცირე დაბრკოლებები გადავლახოთ და ახალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ, რადგან ეს პერიოდია ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ფეხბურთელმა სეზონზე თავი კომფორტულად იგრძნოს და ყველა თამაშს ფიზიკურად კარგ მზადყოფნაში შეხვდეს“.

გუნდის დაკომპლექტებასა და „სამგურალის“ ახალწვეულებზე

„ფეხბურთელის დამატება 1-2 პოზიციაზე კიდევ გვინდა. ეს კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის და როგორც ვგეგმავდით, ორი თანაბარი სიძლიერის შემადგენლობა გვეყოლება. თითო პოზიციაზე 2–2 მოთამაშე გვჭირდება, წინ გრძელი სეზონია და შემადგენლობაში აუცილებლად მოგვიხდება ლავირება. პლუს ამას, პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის როდის რა პრობლემა შეექმნება, ამიტომ, თავიდანვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი და ყველა ფეხბურთელს უნდა ჰყავდეს სრულფასოვანი შემცვლელი. უახლოეს დღეებში ველოდებით ალჟირელ ლეგიონერს, მისი თამაშის ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩამოვა და დავაკვირდებით. თუ თავს კარგად წარმოაჩენს და გუნდს გააძლიერებს – მოხარულები ვიქნებით. ორ ფეხბურთელს ველოდებით თურქულ შეკრებაზეც. გარდა ამისა, კიდევ ერთ კარგ ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს თუმცა, ჯერ მის ვინაობას საიდუმლოდ დავტოვებ“.

ამხანაგური მატჩები

„მზადების პირველ ეტაპზე ორ ამხანაგური შეხვედრას ჩავატარებთ – 22 იანვარს მარტვილის „მერანს“ დავუპირისპირდებით, 29 იანვარს კი თბილისში „გაგრას“ წინააღმდეგ ვითამაშებთ. შემდეგ გავემგზავრებით თურქულ შეკრებაზე, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გავმართავთ – 9 თებერვალს რუსეთის პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, პრემიერლიგაში გადასასვლელად მებრძოლ ვორონეჟის „ფაკელს“ ვეთამაშებით, 13 თებერვალს – დანიის პირველი დივიზიონის ლიდერს, სუპერლიგაში აღზევების მთავარ პრეტედენტჰელსინგორს“, ხოლო 17 თებერვალს – უკრაინის პრემიერლიგის კოვალივკას „კოლოსს“. თუ ეპიდვითარება ხელს არ შეგვიშლის, დამატებით გვინდა, ერთ დღეს ორი თამაში ჩავატაროთ, ბიჭებმა მოედანზე სრული 90–90 წუთი რომ დაჰყონ. სადაც „სამგურალის“ რეალური ძალა უნდა გამოჩნდეს“.

გუნდის ამბიციური გეგმები

„ჩვენი მიზანია, „სამგურალი“ საქართველოში ერთ-ერთი კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი გახდეს, ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და პარალელურად, საქართველოს თასზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ. რამდენიმე დღის წინ „სამგურალთან“ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე და ამ ორ წელიწადში გვინდა, „სამგურალი“ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი გახდეს. კლუბის ხელმძღვანელობისა და ჩემი ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა, გვინდა, რომ კონტრაქტის ვადაში ევროტურნირების საგზური მოვიპოვოთ და მჯერა, ამას მოვახერხებთ. კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად გვერდში გვიდგას და გაძლიერებას სამომავლოდაც გავაგრძელებთ. ზაფხულამდე გამოჩნდება, თუ რა მიზნებისთვის შეგვეძლება ბრძოლა დღევანდელი რესურსით. შევხედავთ, თუ კლუბს დასჭირდება პოზიციების გაძლიერება – აუცილებლად გავძლიერდებით. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის რესურსი გვექნება, რადგანაც საკმაოდ სოლიდური შემადგენლობა გვყავს. ბიჭები ძალიან მოტივირებულები არიან, ვფიქრობ ძალიან კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება. საკმაოდ გავძლიერდით და კონკურენციაში ჩავერთვებით. გვაქვს ამბიცია, რომ მინიმუმ ზედა ხუთეულში მოვხვდეთ. გვინდა რომ კარგი გუნდი გვყავდეს და გვეყოლება კიდეც. წყალტუბოელ გულშემატკივრებს ვპირდები, რომ არ ვიქნებით აუტსაიდერებში და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ“.

კლუბებზე, რომლებსაც ფინანსური პრობლემები შეექმნათ

„ზოგიერთ კლუბს აქვს რაღაც პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოსწორდება და წინ საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი გველოდება. ალბათ, გახსოვთ, გასულ წელსაც იყო იგივე პრობლემები, თუმცა საბოლოო ჯამში მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის ჩემპიონატი გამოვიდა. ვფიქრობ, რომ ახალ საფეხბურთო სეზონში 3–4 გამორჩეული გუნდი იქნება, რომლებიც ერთმანეთს პირველობისთვის დაუპირისპირდებიან. ზოგადად, ჩემი აზრით, გამოიკვეთება ზედა და ქვედა ხუთეულები. ყველა გუნდთან სერიოზული ბრძოლა მოგვიწევს, კონკურენცია დიდი იქნება, როგორც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში, ასევე, ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის. კარგი გუნდი ეყოლება ქუთაისის „ტორპედოს“, გაცილებით ძლიერი იქნება თბილისის „დინამოც“, ბათუმის „დინამო“ შარშანდელზე უკეთესი თუ არა, ნაკლები გუნდი არ იქნება. საგრძნობლად გაძლიერდა „საბურთალო“… მიუხედავად იმისა, რომ გუნდი რამდენიმე ლიდერმა დატოვა, „დილაც“ ძლიერი გუნდი უნდა იყოს. „თელავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, მებრძოლი გუნდია და მასთან არ იქნება ადვილი თამაში. „გაგრაც“ არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ყოველთვის კერკეტი კაკალია… რთული იქნება თამაში ბოლნისშიც, რაც შეეხება „ლოკომოტივს“, მართალია პრობლემები შეექმნა, მაგრამ „რკინიგზელებს“ თავისი აკადემია აქვთ, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავთ და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ და ანგარიშგასაწევ გუნდს გააკეთებენ. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ჩემპიონატი გველოდება“.