სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს. საუბარი შეეხო კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობას.

ამასთან, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. გაიმართა მსჯელობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის განახლებასა და გაძლიერებაზეც. საუბარი ასევე შეეხო ფრანგული ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პარტნიორობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საფრანგეთში საერთაშორისო ბიზნესფორუმს გახსნის, 700-მდე ევროპელ მეწარმეს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას.