სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო ძალიან რთული კომპრომისის შედეგად მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი
სალომე სამადაშვილი - ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო ძალიან რთული კომპრომისის შედეგად მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე კომპრომისს თუ არ დათანმდებოდნენ, ეს რეზოლუცია არ გაფორმდებოდა. სამადაშვილი გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლების საპარლამენტო გუნდმა მოაწერა ხელი, კომპრომისი იყო და არა საქართველოს ღალატი.

სამადაშვილის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუცია იყო ძალიან რთული კომპრომისის შედეგად მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

„ჰააგაში მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც უბრალოდ ეს პროცესი ფაქტობრივად მიატოვა, ყოველგვარი ყურადღების გარეშე და შესაბამისად, ჩვენ სავარაუდოდ ვერ შევძლებთ ჩვენი ინტერესების დაცვას აღნიშნულ ფორუმზე და ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. რაც შეეხება რეზოლუციას, ამ რეზოლუციაში ჩადებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები ჩვენი გრძელვადიანი ინტერესების დასაცავად. მათ შორის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად და უბრალოდ, ძალიან უხერხულია, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც თანაბრად აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოსა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმს 2008 წლის ომზე და რომელიც საუბრობს ზუსტად რუსული პროპაგანდის გზავნილებით 2008 წლის ომის თაობაზე, დღეს ვინმესკენ იშვერს ხელს, რომ რაიმე შეცდომა იყო ჩადენილი ამ რეზოლუციის მიღების დროს. ეს იყო ძალიან რთული კომპრომისის შედეგად მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

​ამასთან, კითხვაზე, თუ რა სახის კომპრომისზეა საუბარი, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა: „2008 წელს ევროკავშირმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩათვალა აუცილებლად, რომ დაწყებულიყო ფაქტების შემსწავლელი მისიის განხორციელება ქვეყანაში და შესაბამისად, ამ რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერები სწორედ ამ ფაქტების შემსწავლელი მისიის შესაქმნელად იქნა გამოყენებული, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ ეტაპზე ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის.

მეორე მხრივ, რუსეთს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ დაბლოკილიყო ჩანაწერი ამ რეზოლუციაში, რომელიც პირდაპირ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხელშეუხებელს ხდის ფაქტობრივად საერთაშორისო სამართლის თანახმად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ ამას დღეს საფრთხეს უქმნის „ქართული ოცნება“, რადგან, როდესაც „ქართული ოცნება“ მუდმივად საუბრობს, რომ საქართველოს ბრალია 2008 წელს რაც მოხდა, ამით ბევრად უფრო დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ამოცანებს, ვიდრე ეს შეიძლება, გააკეთოს რუსეთის ხელისუფლებამ ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, კომპრომისზე არდათანხმების შემთხვევაში, იქნებოდა თუ არა რეზოლუცია მიღებული, სამადაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუცია არ იქნებოდა მიღებული.

„ჩვენ არ გვექნებოდა ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ჩანაწერი, რომელიც იქნებოდა ასევე ხელმოწერილი, დადასტურებული ასე ვთქვათ რუსეთის დელეგაციის მხრიდან და სწორედ ეს იყო კომპრომისი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.