საფეხბურთო ტაიმაუტი | სანდრო კობახიძე - ევრო 2020-ზე რომ გავსულიყავით, ავსტრიას ჩრდილოეთ მაკედონიაზე ღირსეულად ვეთამაშებოდით #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | სანდრო კობახიძე - ევრო 2020-ზე რომ გავსულიყავით, ავსტრიას ჩრდილოეთ მაკედონიაზე ღირსეულად ვეთამაშებოდით #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ სტუმარმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ევრო 2020-ზე ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი შეაფასა, ასევე ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრებების მოახლოებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელსაც საქართველოს პირველ არხზე კომენტატორის როლში დღეს პირველად წაიყვანს.

„მეგონა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას შეეძლო ავსტრიასთან ქულისთვის გამოეკრა ხელი, მაგრამ, ავსტრია ოდნავ უფრო მაღალი დონის გუნდი გამოდგა და საბოლოოდ, კლასით მოიგო. ჩვენ რა შანსი გვექნებოდა, ჩრდილომაკედონიელების ნაცვლად ევრო 2020-ზე რომ გვეთამაშა? მჯერა, ავსტრიას ტოლს არ დავუდებდით. მტკივნეულია ამაზე ლაპარაკი, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებისთვის, ვინც 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ითამაშეს. მაგრამ მჯერა, ბალკანელების ნაცვლად საქართველოს ნაკრები რომ მოხვედრილიყო, უფრო ღირსეულად ეთამაშებოდა.“

კობახიძემ ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრებებზეც ისაუბრა.

„ადრე უკრაინის ნაკრებში ძირითადად „შახტარის“ და კიევის „დინამოს“ მოთამაშეები იყვნენ. ახლა ბევრი ლეგიონერი ჰყავთ, შევჩენკო კი მაღალი დონის მწვრთნელია და გუნდს 4-1-4-1 ტაქტიკით ათამაშებს, საერთოდ, უკრაინის ნაკრები მის ხელში ლაღ და შემტევ ფეხბურთს აჩვენებს, დაცვაში პრესინგს კარგად იყენებენ, ბურთს კარგად ფლობენ და შევჩენკო დაცვის ფლანგებისგან შეტევაში დიდ აქტიურობას ითხოვს. ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ნაკრებია. პირადად მე მალინოვსკი მომწონს, რომელმაც ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და იტალიაში მაღალი შედეგიანობა აჩვენა. ასევე მომწონს ზინჩენკო, იარმოლენკო, იგივე იარემჩუკი. ნიდერლანდებს რაც შეეხება, საფრანგეთის და ფავორიტების გვერდით ვერ დავაყენებ, მაგრამ ამ ნაკრებისგან წინსვლა და წარმატება არ გამიკვირდება.“