საფეხბურთო ტაიმაუტი | გურამ კაშია - რამოსი დღეს ყველაზე მაგარი მცველია და არ მესმის, ევრო 2020-ზე როგორ არ უნდა იყოს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | გურამ კაშია - რამოსი დღეს ყველაზე მაგარი მცველია და არ მესმის, ევრო 2020-ზე როგორ არ უნდა იყოს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გურამ კაშიამ მინდინარე ევრო 2020-ზე ილაპარაკა და ფავორიტები დაასახელა. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ესპანეთის ნაკრებში „რეალის“ კაპიტნის, სერხიო რამოსის არწაყვანას დიდ შეცდომად თვლის.

„ძალიან მაგარი ჩემპიონატია, ბევრი გუნდია თანაბარ დონეზე. ყველა საფრანგეთის ფავორიტობაზე ლაპარაკობს, მაგრამ ისეთ ჯგუფშია, შესაძლოა, ვერ გავიდეს – ეს წინასწარ არავინ იცის. ბელგიაზე ბევრს არ უთქვამს, რომ ფავორიტია. მგონია, ნახევარფინალამდე მაინც უნდა მივიდეს. თანაც რუსეთი ძალიან მარტივად დაამარცხეს. ლუკაკუ ისეთ ფორმაშია და ისეთი გუნდია, მისი მჯერა.“

კაშია ევრო 2020-ზე ნიდერლანდებს გულშემატკივრობს.

„ნიდერლანდების გულშემატკივარი ვარ, რადგან იქ ვცხოვრობდი და ისეთი სისტემით თამაშობს, საინტერესო საყურებელია. ნიდერლანდები ჩვენთან ამხანაგურ მატჩშიც ბოლომდე დაიხარჯა. მაღალი პრესინგით გვეთამაშებოდნენ და ბურთს კარგად ფლობდნენ. მჯერა, რომ შორს წავლენ, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. რატომ უღალატა დე ბურმა 4-3-3 სისტემას? შესაძლოა, იმიტომ, რომ ბევრი კარგი ცენტრალური მცველი ჰყავს. გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ისე, რინუს მიხელსის 4-3-3 სქემა პირველად ვან გაალმა შეცვალა და წარმატებასაც მიაღწია. ამ გუნდში პერსპექტივა დავინახე და დარწმუნებული ვარ, ჯგუფიდან აუცილებლად გავა.“

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებზეც ილაპარაკა.

„იტალიამ თურქეთი ძალიან დაჩაგრა, რომელსაც ბურთი ვერ ამოჰქონდა და ბევრ შეცდომას უშვებდა. კარგია, რომ იტალიას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. უბრალოდ, ვერ გავიგე, თურქეთია სუსტი თუ იტალიაა ასეთი ძლიერი. შვედეთთან ისეთი თამაში ჰქონდა ესპანეთს, პირველ 30 წუთში თუ გაიტანდა, მერე თამაში გაუმარტივდებოდა. ეს შეხვედრა ერთ გოლამდე იყო. ლუის ენრიკე გამოცდილი მწვრთნელია, მაგრამ სერხიო რამოსის ევროპის ჩემპიონატზე არწაყვანა არ მესმის. მსგავსი მოტივატორი ფეხბურთელი გუნდს ძალიან სჭირდებოდა. რამოსი დღეს ყველაზე მაგარი მცველია და არ მესმის, ევროპის ჩემპიონატზე როგორ არ უნდა იყოს.“