საფეხბურთო ტაიმაუტი | დავით გვარამაძე - მოთამაშეები ცდილობენ, მაგრამ კვალიფიკაციაზე ბევრია დამოკიდებული #1TVSPORT
„ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ვილი სანიოლი მაღალი დონის მწვრთნელი არაა“, – ამის შესახებ დავით გვარამაძემ პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ განაცხადა.
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ და ამჟამად „ჯვაროსნების“ მეკარეთა მწვრთნელმა ხელისშემშლელი პრობლემებიც ახსენა.
„ვილი სანიოლი კარგი სპეციალისტია და კარგი ბექგრაუნდი ჰქონდა. თუმცა, ძნელია 6 თვეში ისეთი გუნდი შექმნა, რომელიც ეგრევე წარმატებს მიაღწევს. თან გასათვალისწინებელია, რომ ფედერაცია ფეხბურთელებს ყველანაირ პირობებს უქმნის, კარგი შეკრებებია და მოთამაშეები კარგად ემზადებიან“, – ამბობს გვარამაძე.
მისი თქმით, ნაკრების წარმატების სჯერა:
„მე იმასაც ვერ დავიჯერებ, რომ ფეხბურთელები არ ინდომებენ, მაგრამ იმის მჯერა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წარმატებას მივაღწევთ. დიახ, გულშემატკივარს შედეგი სწრაფად გვინდა გვქონდეს, მაგრამ ასე არ ხდება, დროა საჭირო“.
გვარამაძემ სათამაშო დისციპლინის საკითხი ახსენა:
„აქ ლაპარაკია სათამაშო დისციპლინაზე. თანამედროვე ფეხბურთში ერთი წამით რომ გაითიშო, შესაძლოა, ეს ძვირად დაგიჯდეს. ტოპ-ნაკრებებს ყველაფერი ავტომატიზმამდე აქვთ დაყვანილი. ამ დონემდე ჩვენ ნაბიჯები გადასადგმელი გვაქვს“.
მან მიანიშნა, რომ პრობლემა კლასშია:
„იმ აზრს ვერ დავეთანხმები, რომ დისციპლინა არ გვაქვს და რომ თითქოს მოთამაშეები მწვრთნელის დავალებებს არ ასრულებენ. ყველა ცდილობს, ყველაფერი შეასრულოს, მაგრამ ეს უკვე მათ კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული“.