საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე იაშვილი - ჯერ ფავორიტებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ზოგიერთი ნაკრები მძიმედ იწყებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ალექსანდრე იაშვილი - ჯერ ფავორიტებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ზოგიერთი ნაკრები მძიმედ იწყებს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მიმდინარე ევრო 2020-ზე, ფავორიტებსა და საუკეთესო გუნდებზე ილაპარაკა. მანამდე კი უკრაინის ნაკრების მატჩი შეაფასა ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელმაც საქართველოს ევრო 2020-ზე გზა გადაუკეტა.

„ჩემთვის ძალიან რთულია ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ყურება, ვის გამოც ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოვხვდით. იგივე ფეხბურთს თამაშობს, რაც ჩვენთან და არაფერი ცვლილება არაა. ბრძოლისუნარიანი გუნდია. მათ ნაცვლად ჩვენ რომ გვეთამაშა? რთული სათქმელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მეტოქესთან ღირსეულად ვითამაშებდით.“

იაშვილმა უკრაინის ნაკრების შესახებ ილაპარაკა.

„უკრაინამ ბოლო წლებში შევჩენკოს დროს ყველასთან კარგად ითამაშა, პორტუგალიასთან და გერმანიასთანაც. ლიდერი არ ჰყავს, მაგრამ ფიზიკურად კარგად მომზადებული ნაკრებია, რომელიც გუნდურადაც ძლიერია. ეს ნიდერლანდებთანაც გამოჩნდა. დღევანდელი მოგებით უკრაინამ ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. ნიდერლანდებთან სამი ძალიან კარგი მომენტი ჩვენც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, უკრაინამ კი მათი ორი შეცდომით ისარგებლა. რეალიზაცია ფეხბურთში მნიშნელოვანია, რადგან თამაშის მსვლელობას რადიკალურად ცვლის. ნიდერლანდები ინდივიდუალურად კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. მაგრამ გუნდურად ასეთი დონის ნაკრებს უკეთ თამაში შეუძლია. მაგრამ ასეთი ნაკრები ყველასთვის სახიფათოა.“

სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ევრო 2020-ზე მონაწილე სხვა გუნდებზეც ისაუბრა.

„ევრო 2020 კარგად მიდის. ფეხბურთელები მონატრებულები არიან დიდ ტურნირებს, მაყურებლის წინაშე თამაშს და მოტივაციაა მაშინ, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ. იტალია მაღალ სიჩქარეებზე თამაშობს და მეტოქეებს წარმოუდგენლად აპრესინგებს. მათ ასეთი ფეხბურთი არასოდეს უთამაშიათ. საფრანგეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია, რომელსაც ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. პორტუგალიაც ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეებითაა შედგენილი. მაგრამ გერმანიაც ყოველთვის ლიდერებში იქნება. თუმცა, ჯერ ფავორიტებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ასეთ ტურნირზე ზოგიერთი ნაკრები მძიმედ იწყებს და შესაძლებლობას ბოლოსკენ ავლენს. ყველაზე მეტად ვინ მომეწონა? ჯერ ყველაზე კარგად ბელგია, საფრანგეთი და პორტუგალია გამოიყურებიან, სამივე ძალიან ძლიერი გუნდია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც გამოჩნდება ისეთი ნაკრები, რომლისგანაც ბევრს არ ელიან და სენსაციას მოახდენს“