საფეხბურთო მენეჯერი ლევან სეთურიძე იტალიელებს საქართველოთი დაინტერესებას ურჩევს - 4-5 ტალანტს ყველა შეხვედრაში ნახავთ, ტოპ-ლიგაში თამაში აბუაშვილსაც შეუძლია #1TVSPORT
საფეხბურთო მენეჯერი ლევან სეთურიძე იტალიელებს საქართველოთი დაინტერესებას ურჩევს - 4-5 ტალანტს ყველა შეხვედრაში ნახავთ, ტოპ-ლიგაში თამაში აბუაშვილსაც შეუძლია #1TVSPORT

„საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის D-დან B დივიზიონში დაწინაურდა. ამაში დიდი როლი გიორგი მამარდაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშეს. მათ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრეს“, – წერს SerieANews.com ლევან სეთურიძესთან ინტერვიუს შესავალში.

32 წლის საფეხბურთო მენეჯერმა პოპულარულ იტალიურ ინტერნეტ-გვერდთან ინტერვიუ ქართული ფეხბურთის რეკლამირებისთვის გამოიყენა და ევროპელებს ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის სამშობლოში ტალანტებით დაინტერესება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ ლევან სეთურიძემ „ვალენსიაში“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი გადაიყვანა, „ლევანტეში“ – გიორგი ქოჩორაშვილი, თბილისში ჩაატარა „ინტერის“, „რეალის“ და „იუვენტუსის“ საზაფხულო კემპები.

„ქართველებს გვყავს 2003 წელს წელს დაბადებული „პორტუს“ მოთამაშე გიგი აბუაშვილი. შეიძლება, ისიც მამარდაშვილისა და კვარაცხელიას გზას დაადგეს? ჯერ მათ შორის განსხვავებაა. აბუაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაში სჭირდება. „პორტუში“ ძალიან პატარა ასაკში ჩაირიცხა. როცა დრო მოვა, მას მოუწევს გამოცდილების მიღება. ახლა გუნდში ადგილის დამკვიდრებითვის იბრძვის, ძალიან ნიჭიერია. მას ასევე ჰქონდა მცირე ტრავმა, როდესაც „პორტუსთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა. შესანიშნავი მოთამაშეა ძლიერი ხასიათით და დიდ ლიგებში თავისი სიტყვის თქმა შეუძლია.

ბოლო წლებში საქართველოდან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა: ლოჩოშვილიკრემონეზეში“, დავითაშვილი – „ბორდოში“, მიქაუტაძე – „მეცში“. რამე შეიცვალა საქართველოს საფეხბურთო სკოლების მუშაობაში? როდესაც უეფა-ს A ლიცენზიის ასაღებად ვემზადებოდი, იტალიისა და საქართველოს 19 წლამდე ნაკრებების მატჩი გავაანალიზე. საქართველომ 1:0 მოიგო: ფაქტია, რომ 19 წლამდე ვახერხებთ იტალიის, ინგლისის, ესპანეთის ნაკრებების დამარცხებას… მაგრამ პრობლემა ჩემპიონატების კონკურენტუნარიანობაა. სერია A-ში მაღალი დონის მოთამაშეების დიდი რაოდენობა ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს, უფრო განვითარდნენ.

საქართველოში მხოლოდ 2-3 მაღალი დონის აკადემიია: „დინამო თბილისი“, „ლოკომოტივი“ და „საბურთალო“. ეს არ აძლევს საშუალებას 19 წელზე უფროსი ასაკის მოთამაშეებს გაიზარდონ. მაგრამ 2005 წელს დაბადებულთა შორის შეგიძლიათ 4-5 ტალანტი უცებ შენიშნოთ. მაგრამ სერიოზული განვითარებაა საჭირო, ახლა ჩვენი ფედერაცია კარგად მუშაობს, მაგალითად, კალაძესთან, ახალი ინფრასტრუქტურას და მოედნებს აშენებენ. მომდევნო ხუთ წელიწადში ჩვენ ახალ მამარდაშვილსა და კვარაცხელიას ვიხილავთ.

ყველა ეს მოთამაშე დაბადებულია 90-იანი წლების ბოლოს – 2000-იანი წლების დასაწყისში. სხვათა შორის, 21-წლამდელთა მორიგი ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ამ ტურნირზე თამაში შეუძლიათ კვარაცხელიას, მამარდაშვილს, დავითაშვილს. მათ შესაბამისი ასაკი აქვთ და იმედი მაქვს, მათთან ერთად ნახევარფინალამდე მაინც მივალთ“, – ამბობს ლევან სეთურიძე.