სადისციპლინო კომიტეტმა „ნიკეს“ „ლანჩხუთთან“ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა #1TVSPORT
სადისციპლინო კომიტეტმა „ნიკეს“ „ლანჩხუთთან“ ტექნიკური წაგება ჩაუთვალა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ქალთა ლიგის მე-11 ტურში ჩაშლილ „ნიკე“-„ლანჩხუთის“ შეხვედრაზე იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ქალთა ლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო თბილისის“ აკადემიის სტადიონზე მოქმედ ჩემპიონს, „ნიკეს“ და „ლანჩხუთს“ შორის ჩაიშალა. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მასპინძელმა გუნდმა თამაშში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული ფაქტი სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა შეისწავლა. ერთის მხრივ ითქვა, რომ მასპინძელი „ნიკე“ მატჩის რამდენიმე კამერით გადაღების წინააღმდეგი იყო. „ნიკეს“ მწვრთნელმა, გია კვარაცხელიამ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ თამაშამდე კამერებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა, მაგრამ მატჩის გადადების მთავარი მიზეზად მაღალი ტემპერატურა დაასახელა.

საბოლოოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩის ჩაშლაში „ნიკე“ დაადანაშაულა და გუნდს ტექნიკური წაგება 0:3 ჩაუთვალა.

„ისევე როგორც სხვა შეხვედრების დროს, წესების სრული შესაბამისობით, ვაპირებდით მატჩის გადაღებას, რაც მასპინძელმა გუნდმა გააპროტესტა და უარი განაცხადა თამაშზე. ფეხბურთი არ არის მხოლოდ ბურთის გორება, ის ასევე არის მეტოქე გუნდის, საკუთარი ფეხბურთელების და მაყურებლების მიმართ პატივისცემა, რაც ჩვენ სამწუხაროდ იმ დღეს ვერ დავინახეთ“, – ასე გამოეხმაურა „ლანჩხუთი“ მომხდარს.

ამგვარად, რეგულარული ჩემპიონატის დასასრულამდე 3 ტურით ადრე, ქალთა ლიგას „ლანჩხუთი“ 31 ქულით ლიდერობს და თბილისის „კვარტალს“ 7 ქულით ასწრებს. მომდევნო, მე-12 ტური, 28 ივნისს გაიმართება.