სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად რეგულაციების დაწესებისკენ ითხოვენ
სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად რეგულაციების დაწესებისკენ ითხოვენ

სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები მთავრობასა და პარლამენტს დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. როგორც „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ სტამბოლიშვილმა განაცხადა, ტენდებცია აჩვენებს, რომ შესაძლებელია, სადაზღვევო სექტორი იქცეს საბანკო სექტორის რაღაც ნაწილად და მასზე მიბმულ სექტორად, რაც პირველ რიგში მომხმარებელს დააზარალებს.

მომხმარებელს აღარ რჩება არჩევანი, თუ ვის ანდოს თავისი ფინანსური რისკები. როდესაც ბანკი ფლობს სადაზღვევო კომპანიას, მას რა თქმა უნდა, აქვს ძალინ დიდი ბერკეტი, ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებლის არჩევანზე. მგონია, რომ ეს არ არის სამართლიანი მიდგომაა და შეაფერხებს სადაზღვევო სექტორის განვითარებას. გვაქვს რამდენიმე შეთავაზება მთავრობასთან, რამდენიმე პრინციპი არსებობს, რაც შეიძლება, გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. ბანკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი დაზღვევის გასაყიდად, ეს ნამდვილად ასეა, მნიშვნელოვან სარგებელს იღებს ასევე მომხმარებელი ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლობით, თუმცა არა იმ პირობებში, როდესაც ასიმეტრიული ურთიერთობა არის ბანკსა და სადაზღვევო კომპანიას შორის. საუკეთესო გადაწყვეტილება არის, როდესაც თანამშრომლობა არის ცალკე სადაზღვევო კომპანიასა და ბანკს შორის და ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ კონკურენციის კანონი გავრცელდეს ასევე ბანკებზე“, – განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ სტამბოლიშვილმა.

გუშინ თორმეტმა სადაზღვევო კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი სურვილია, ბანკებს უყურონ, როგორც პარტნიორებს და არა, როგორც ჩასაფრებულ მტაცებლებს.

„ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება „თიბისი ბანკის“, „ბაზისბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

ჩვენ მივმართავთ ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად, ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავლესობაში აღმოჩნდებიან.

ჩვენი მხრიდან მოხდება ყველა ეფექტური მეთოდისა და კომუნიკაციის გზის გამონახვა მთავრობასა და პარლამენტთთან რათა დაყენებული საკანონმდებლო ინიციატივების ფარგლებში დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის დროული გადაწყვეტა“, – აღნიშნულია სადაზღვევოების განცხადებაში.

დატოვე კომენტარი