„საბურთალოს“ ისევ კორღალიძე გაწვრთნის - ყოფილი კლუბის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი #1TVSPORT
„საბურთალოს“ ისევ კორღალიძე გაწვრთნის - ყოფილი კლუბის შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი #1TVSPORT

ხვიჩა შუბითიძის ნაცვლად „საბურთალოს“ ისევ ახალგაზრდა სპეციალისტი ლევან კორღალიძე გაწვრთნის, – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„საბურთალოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხვიჩა შუბითიძე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაემშვიდობა. მაგრამ თბილისური კლუბი უმწვრთნელოდ ძალიან მცირე ხანს იყო. გათავისუფლებული შუბითიძის ნაცვლად ახალ მთავარ მწვრთნელად ლევან კორღალიძე დაინიშნა, რომელიც მწვრთნელად სწორედ „საბურთალოში“ ჩამოყალიბდა.

„საბურთალოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

„მოხარული ვარ, რომ „საბურთალოში“ დავბრუნდი. მივიღე შეთავაზება ჩემი ყოფილი კლუბისგან, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. „საბურთალოდან“ წასვლის შემდეგ, ყოველთვის მქონდა განცდა იმისა, რომ შეთავაზების შემთხვევაში აუცილებლად დავთანხმდებოდი და გვერდში დავუდგებოდი ამ კლუბს. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებმაც მომცეს საშუალება, „საბურთალოში“ ძალები კიდევ ერთხელ მომესინჯა“, – განაცხადა ლევან კორღალიძემ.

41 წლის კორღალიძემ „საბურთალო“ გასულ სეზონში ჩაიბარა და 18 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 7 მოიგო, 5-ჯერ დამარცხდა და 6 ფრედ დასრულდა. ლევან კორღალიძემ გუნდი წელს ქობულეთის „შუქურასთან“ (2:2) მე-8 ტურის მატჩის შემდეგ დატოვა, როდესაც გუნდი 11 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებოდა.

მაშინ კორღალიძის თქმით, მიზეზი კლუბის მიმართ მსაჯების უსამართლო დამოკიდებულება იყო და განაცხადა, რომ ასეთ უსამართლობაში და არათანაბარ ბრძოლაში აღარ აპირებდა გაჩერებას.