ხვიჩა შუბითიძე „საბურთალოს“ აღარ გაწვრთნის #1TVSPORT
ხვიჩა შუბითიძე „საბურთალოს“ აღარ გაწვრთნის #1TVSPORT

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხვიჩა შუბითიძე ეროვნული ლიგის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხვიჩა შუბითიძე „საბურთალოს“ დაემშვიდობა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ხვიჩას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსუვებს მომავალში“, – წერია „საბურთალოს“ პრეს-სამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

ხვიჩა შუბითიძემ კლუბი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა და ლევან კორღალიძე შეცვალა. 46 წლის ხვიჩა შუბითიძე 26 წელია გერმანიაში წარმატებით მოღვაწეობდა. საფეხბურთო კარიერა 1991 წლიდან იწყება. საქართველოში, სადაც რამდენიმე სხვადასხვა კლუბში უთამაშია, 117 მატჩი ჩაატარა და 87 გოლი გაიტანა. საქართველოში შუბითიძის ბოლო კლუბი „შევარდენი 1906“ იყო – 22 თამაში და რვა გატანილი ბურთი. ამავდროულად, იყო 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი.

ამის შემდეგ, იგი გერმანიაში გაემგზავრა და იქ განაგრძო საფეხბურთო კარიერა. ევროპაში რამდენიმე კლუბში იასპარეზა, მათ შორის იყო პირველი ბუნდესლიგის „ზანქტ პაული“ (4 გოლი) და „აუე“ (17 გოლი). გერმანიაში 1995 წლიდან 2011 წლამდე 401 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 78-ჯერ აიღო.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან უკვე მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა. სამწვრთნელო კარიერა LVB „ლაიპციგში“ დაიწყო, ბოლოს კი გერმანიის „ჰელეშერის“ 19-წლამდე გუნდს ხელმძღვანელობდა. სწორედ, შუბითიძის თავკაცობით „ჰელეშერი” 19-წლამდე ბუნდესლიგაში გადავიდა.

შუბითიძემ მუშაობა კარგად დაიწყო, „საბურთალო“ ევროზონაში იყო და კონკურენტებს უსწრებდა, მაგრამ ბოლო თამაშების ჩაგდების შემდეგ კლუბის და მწვრთნელის გზები გაიყო.