საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე - „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესი ბანკის ფინანსურ მდგომარეობას არ შეარყევს
საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე - „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარე პროცესი ბანკის ფინანსურ მდგომარეობას არ შეარყევს

საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ  ასოციაცია „თიბისი ბანკს“ და ფინანსურ სტაბილურობას უჭერს მხარს .

ალექსნადრე ძნელაძის თქმით, „თიბისი ბანკი“ არის წარმატებული ფინანსური ინსტიტუტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.  ამიტომ, პროცესები, რაც დღეს ბანკის გარშემო ხდება, ხელს არ შეუშლის მის ფუნქციონირებას და არ შეარყევს ბანკის ფინანსურ მდგომარეობას. ალექსანდრე ძნელაძის თქმით,  საქართველოს ეროვნული ბანკი და „თიბისის“ მენეჯმენტიც იგივეს ადასტურებენ.

ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, საბანკო ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური ინსტიტუტები აგრძელებდნენ სტაბილურ საქმიანობას ქვეყანაში. მისივე თქმით,  სწორედ ამიტომ, ასოციაცია ცდილობს, პოლიტიკურ პროცესებს აერიდოს.

საბანკო ასოციაციის განმარტებით,  მიმდინარე პროცესი იმართება ეროვნული ბანკის მიერ და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობაც ეროვნული ბანკის ხელშია. საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკში ზუსტად იციან და აფასებენ მდგომარეობას. მისივე თქმით, ასოციაცია დაელოდება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

შეგახსენებთ,  13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ამასთანავე,  აქციონერთა კრებას მოთხოვა, რომ ორი თვის განმავლობაში, აღნიშნული ბანკირები საბჭოდან გაიწვიოს. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება 2007-2008 წლის ტრანზაქციებს უკავშირდება.  აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურამ  გამოძიება 194 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებას გულისხმობს.