რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემებზე იერიშის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა
რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემებზე იერიშის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქერჩის სრუტეში რუსული ხომალდებიდან უკრაინის გემების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, მე-12 საზღვაო მილიდან გასვლის შემდეგ, რუსეთის უშიშროების სამსახურის ხომალდებმა უკრაინის სამხედრო გემების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა და მცირე ზომის დაჯავშნული საარტილერიო კატარღა „ბერდიანსკი“ დააზიანა.

„კატარღამ სვლა დაკარგა. არიან დაშავებულები. იარაღი გამოყენებულ იქნა ლიკვიდაციისთვის“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის, ბორის ბაბინის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ამჟამად უკრაინის კატარღების დაკავებას ცდილობენ.

რუსი სამხედროების მიერ უკრაინულ გემებზე იერიშის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ინციდენტი 25 ნოემბრის დილითაც მოხდა. რუსულმა სამხედრო ხომალდი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების კატარღას განზრახ დაეჯახა. უკრაინის მედიის ინფორმაციით, უკრაინული კატარღები ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ.

სოციალურ ქსელებში 25 ნოემბრის დილას მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

მომხდარის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ხომალდები საზღვრის უკანონო კვეთაში დაადანაშაულა. მოგვიანებით რუსეთმა ქერჩის სრუტე სამოქალაქო გემებისთვის ჩაკეტა.