რუსი ტელეწამყვანის, დიმიტრი კისელიოვის ძმისშვილი დონბასის ბრძოლებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს
რუსი ტელეწამყვანის, დიმიტრი კისელიოვის ძმისშვილი დონბასის ბრძოლებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს

გერმანიაში რუსი ტელეწამყვანისა და საინფორმაციო სააგენტოს, „რასია სეგოდნიას“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი კისელიოვის ძმის შვილი სერგეი კისელიოვი დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გაასამართლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მიუნხენის სასამართლომ მას ორი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშროების შემცველი მძიმე დანაშაულის მომზადებაში.

გერმანიაში სერგეი კისელიოვის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან 2016 წელს თავის ბიძას, დიმიტრი კისელიოვს ინტერვიუ მისცა. ბრალდებულის დანაშაულის მტკიცებულებებს შორის იყო ასევე ფოტოები, საზღვარგარეთ გასვლის შესახებ მონაცემები და თავად სერგეი კისელიოვის ჩვენებები.

ბრალდებულმა აღიარა, რომ აღმოსავლეთ უკრაიანში კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა. თუმცა უარყოფდა, რომ საბრძოლო მოქმედებების სწავლებაში მონაწილეობდა.

48 წლის სერგეი კისელიოვი გერმანიის მოქალაქეა.

მსჯავრდებულის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.