რუსეთმა აშშ-ს აცნობა, რომ დროებით უარს ამბობს საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე, რასაც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმება ავალდებულებს
რუსეთმა აშშ-ს აცნობა, რომ დროებით უარს ამბობს საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე, რასაც სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმება ავალდებულებს

რუსეთმა აშშ-ს აცნობა, რომ დროებით უარს ამბობს საკუთარი ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე, რასაც მოსკოვს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება ავალდებულებს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო უწყებაში გააკეთეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ დიპლომატიური არხებით ოფიციალურად აცნობა აშშ-ს, რომ ჩვენს ქვეყანას დროებით გაჰყავს საკუთარი ობიექტები საინსპექციო საქმიანობიდან, რასაც სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების შეთანხმება მოიცავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამის მიზეზად მოსკოვში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ რუსეთის წინააღმდეგ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა რუსულ თვითმფრინავებს საკუთარი საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამტკიცებენ, რომ „აშშ-ის მიერ შექმნილ პირობებში ვაშინგტონი უპირატეს მდგომარეობაშია, ხოლო რუსეთს ჩამოერთვა უფლება, ინსპექტირება ჩაატაროს აშშ-ის ტერიტორიაზე“.

ამასთან, მოსკოვში ამბობენ, რომ შეთანხმების სხვა პირობების დაცვას აგრძელებენ.

აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს. 2021 წლის იანვარში ვლადიმირ პუტინმა ეს შეთანხმება 2026 წლამდე გაახანგრძლივა.