რუსეთის ფუტსალის ნაკრების მეკარე - ყველაზე მეტად საქართველოსთან და საფრანგეთთან გაგვიჭირდა #1TVSPORT
რუსეთის ფუტსალის ნაკრების მეკარე - ყველაზე მეტად საქართველოსთან და საფრანგეთთან გაგვიჭირდა #1TVSPORT

რუსეთის ფუტსალის ნაკრების მეკარე დმიტრი პუტილოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაზე და ზოგადად, ჯგუფურ ეტაპზე.

„ვერ ვიტყვი, რომ საქართველოსთან მატჩი არაფერს წყვეტდა. რა თქმა უნდა, სატურნირის ამოცანების თვალსაზრისით ყველაფერი გარკვეული იყო, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური წინასწარ მოვიპოვეთ. მაგრამ დღეს დარბაზში ხალხი დაუშვეს, ჩვენ კი მათთვის ვთამაშობთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ საკვალიფიკაციო ციკლში ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოვიპოვეთ“, – ამბობს რუსეთის ფუტსალის ნაკრების მეკარე.

მისმა გუნდმა 6-დან 6 მატჩი მოიგო. პუტილოვის განცხადებით, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ჯგუფში ყველაზე მეტად საქართველოსთან და საფრანგეთთან გაუჭირდა.

„შესარჩევ ჯგუფში ყველაზე რთული მატჩები გასვლაზე საქართველოს და საფრანგეთის ნაკრებებთან გვქონდა. დიახ, ამ მატჩებმა ფანების გარეშე ჩაიარა, მაგრამ უცხო მოედანზე თამაში ყოველთვის უფრო რთულია. დადებითი შედეგის მიუხედავად, ეს ჩვენთვის არც ისე ადვილი იყო, როგორც გარედან ჩანდა“, – განაცხადა პუტილოვმა.