ფუტსალი | საქართველოს ნაკრებმა ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპი რუსეთთან მატჩით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მოსკოვში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, რუსეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა საფრანგეთთან ისტორიული მატჩის მოგების შემდეგ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ამიტომ მთავარმა მწვრთნელმა ბოლო შეხვედრაში ის მოთამაშეები დატვირთა, რომლებსაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ, ხოლო შაგინია და ფიმასა დაასვენა.

შჩელკოვოს სპორტულ კომპლექს „პოდმოსკოვიეში“ გამართული მეორე ჯგუფის ბოლო მატჩი გაცილებით ტიტულოვანი რუსეთის ნაკრების უპირატესობით მიმდინარეობდა და მასპინძლები მესამე წუთზე უკვე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ანგარიში მე-2 წუთზე რობინიომ გახსნა, მერე კი ანდრეი აფანასიევმა გაიტანა, რომელმაც მეორე დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო მეკარე თორნიკე ბუკია იყო, რომელმაც ბევრი რთული ბურთი მოიგერია.

მეორე ნახევარში მომენტები საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, მაგრამ რონინიომ და ვახტანგ კეკელიამ მომენტები ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მატჩი 0:3 წააგო.


რუსეთი – საქართველო 3:0


გოლები: 1:0 რობინიო (2), 2:0 აფანასიევი (3), 3:0 აფანასიევი (24)

საქართველო: ბუკია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი – კუპატაძე, ჩიმაკაძე, გავთაძე, გიორგაია, რონინიო, თალესი, ბინიო, ელისანდრო, ბრუნო პეტრი

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი


 

ჯგუფში ბოლო მატჩი 14 აპრილს პარიზში გაიმართება, სადაც საფრანგეთი სომხეთს უმასპინძლებს. დღეისთვის კი თამაშები საქართველომ და რუსეთმა დაასრულეს და ჯგუფის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 16 მონაწილიდან 9 უკვე ცნობილია – აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, ნიდერლანდები (მასპინძელი), რუსეთი, ხორვატია. საქართველო ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდებიდან პირველია, რომელმაც ეს უფლება მოიპოვა.

ევროს 2022 წლის ფუტსალის საკვალიფიკაციო ეტაპი 2020 წლის 29 იანვარს ახალი ფორმატით დაიწყო. შეიცვალა ფინალური ეტაპის ფორმატიც – მანამდე ის თამაშდებოდა ორ წელიწადში 12 გუნდის მონაწილეობით, ახლა კი ყოველ ოთხ წელიწადში 16 გუნდის მონაწილეობით ჩატარდება. დასკვნითი ეტაპი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე გაიმართება.