რუსეთის ფედერაციაში თურქული საინფორმაციო სააგენტოს ორი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
რუსეთის ფედერაციაში თურქული საინფორმაციო სააგენტოს ორი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის ფედერაციაში თურქული საინფორმაციო სააგენტო GZT-ის ორი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით 16 დეკემბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა trtworld ავრცელებს.

არსებული ცნობებით, მათი დაკავება რუსეთის ფედერაციის ხაკასეთის რესპუბლიკაში ეთნიკურად თურქების ცხოვრებისა და კულტურის თაობაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებისას მოხდა.

დაკავებულებს ჩამოართვეს ნივთები და მათ ხელთ არსებული ციფრული მონაცემები ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაშალეს. დაკავების შემდეგ, ნაზგულ ქენჟეთაი და ემინ ქარაჩაქი ხაკასეთის დედაქალაქ აბაკანში მდებარე რეპატრიაციის ცენტრში გადაიყვანეს და 10 დღის შემდეგ სავარაუდოდ მათი დეპორტაცია მოხდება.

Trtworld-ის ცნობით, რუსული მედია ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები აწარმოებდნენ ანტირუსულ პროპაგანდას, ჯაშუშობდნენ და იმის ჩვენებას ცდილობდნენ, რომ ეთნიკურად თურქი ხალხი რუსული მართვის ქვეშ მძიმე პირობებში ცხოვრობს. მანამდე, იგივე ჟურნალისტები სახასა და ალთაის რესპუბლიკებში გადაღებებისას დააკავეს და იმ დროს, დაჯარიმების შემდეგ გაათავისუფლეს.