რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის საერთო საცხოვრებელზე სარაკეტო დარტყმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის საერთო საცხოვრებელზე სარაკეტო დარტყმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის საერთო საცხოვრებელზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 17 პირი. ოკუპანტებმა იერიში ქალაქის სალტოვკის რაიონში გვიან ღამით მიიტანეს. ინფორმაციას ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

ამას გარდა, გამთენიისას რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ხარკოვის კიდევ რამდენიმე რაიონი. სლობოდის რაიონში დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი. დაშავებულთაგან ორი ბავშვია. როგორც ხარკოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იტყობინება, კვლავ დაიბომბა საერთო საცხოვრებელის შენობა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 18 აგვისტოს დილიდან რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.