„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ ვართ
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ ვართ

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გამოცემა „სპორტ-ექსპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი მზად არაა, სამი ლიდერის გაუშვას და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ახსენა.

„რა აზრი აქვს, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. შეტევაში სამი გამორჩეული მოთამაშე გვყავს – დენის მაკაროვი, ხვიჩა კვარაცხელია და სოლტმურად ბაკაევი. მათ გარეშე როგორ უნდა ვითამაშოთ? ჩემპიონატი ახლახან დაიწყო და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად არ ვართ, რომელიმე ამ მოთამაშესთან დაკავშირებული შემოთავაზება განვიხილოთ,“ – განაცხადა რუსტემ საიმანოვმა გამოცემა.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში „რუბინში“ მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თურქული ფეხბურთის გრანდს, სტამბოლის „გალათასარაის“ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს და რომ მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შეეცდება.

კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან ძალაშია 2024 წლის ზაფხულამდე. პორტალი Transfermarkt ნახევარმცველის საბაზრო ღირებულებას 4,5 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, სექტემბერში რუსული მედია ამტკიცებდა, რომ „კრასნოდარი“ მზად იყო 10 მილიონი ევრო გადაეხადა, ხოლო მოსკოვის „ლოკომოტივი“ – 15 მილიონ ევრო.

„რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გაშვებას არ აპირებს და მას 15 მილიონ ევროზე მეტად აფასებს.