„გალათასარაი“ ზამთარში კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება - „რუბინი“ ქართველს 15 მილიონადაც არ გაყიდის
„გალათასარაი“ ზამთარში კვარაცხელიას გადაბირებას შეეცდება - „რუბინი“ ქართველს 15 მილიონადაც არ გაყიდის

თურქული ფეხბურთის გრანდი, სტამბოლის „გალათასარაი“ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის ვარიანტს განიხილავს – ინფორმაციას Metaratings.ru ავრცელებს.

„19 წლის შემტევი ნახევარმცველის კანდიდატურა თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ფატიჰ თერიმმა განიხილა და მოიწონა . „გალათასარაი“ ხვიჩას შეძენას „რუბინიდან“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში შეეცდება,“ – ამტკიცებს Metaratings-ი.

კვარაცხელია რუბინში 2019 წლის ზაფხულიდან თამაშობს. ამ სეზონში ქართველმა გარემარბმა ყაზანური კლუბის შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩაატარა ცხრა მატჩი, გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ოთხი პასი.

კვარაცხელიას კონტრაქტი რუბინთან ძალაშია 2024 წლის ზაფხულამდე. პორტალი Transfermarkt ნახევარმცველის საბაზრო ღირებულებას 4,5 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, ქართველში ყაზანის კლუბი გაცილებით მეტს ითხოვს.

მანამდე რუსული მედია კვარაცხელიას მიმართ „კრასნოდარისა“ და მოსკოვის „ლოკომოტივის“ დაინტერესებაზე იუწყებოდა. მედიის ცნობით, ფეხბურთელის ტრანსფერში მოსკოვის „ლოკომოტივი“ 15 მილიონ ევროს იხდიდა, ხოლო „კრასნოდარი“ – 10 მილიონს.

გამოცემა „ინკაზანის“ ცნობით, „რუბინი“ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გაშვებას არ აპირებს, ხოლო კვარაცხელიას 15 მილიონ ევროზე მეტად აფასებს. ქართველი ყაზანის კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით 2019 წლის ზაფხულში გადავიდა.