„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელია სხვა ლიგის ფეხბურთელს ჰგავს
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვარაცხელია სხვა ლიგის ფეხბურთელს ჰგავს

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა მოსკოვში „სპარტაკთან“ რუსეთის პრემიერლიგაში მოგებულ (2:0) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სხვა ლიგიდან მოსულის შთაბეჭდილებას ტოვებს.

„რა თქმა უნდა, ასეთ დაძაბულ და ემოციურ თამაშს ველოდით. „სპარტაკთან“ სხვაგვარად თამაში წარმოუდგენელია. ღირსეულად ვითამაშეთ, კარგი მატჩი იყო. ხვიჩამ, დესპოტმა (დესპოტოვიჩმა), მაკაროვმა – საერთოდ, მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. მაგრამ, ისე ჩანს, თითქოს, ხვიჩა სხვა ლიგიდან არის“, – განაცხადა მატჩის შემდეგ რუსტემ საიმანოვმა გამოცემა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში.

ამ ფრაზაზე „რუბინის“ ოფიციალური გვერდის ადმინმა გუშემატკივრებს კითხვით მიმართა, – „თქვენი აზრით რომელ ლიგაშია ჩვენი ხვიჩა?“ და მატჩის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელი მოსკოვის „სპარტაკის“ ორ მცველს (მათ შორის, გუნდის კაპიტანს, გიორგი ჯიქიას) უსწორდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპის პირველი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა მე-20 ტურის გასვლით მატჩში მეტოქის მოთამაშის გაძევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, საგოლე გადაცემა გააკეთა, მეორე გოლი მის დარტყმულს მოჰყვა, ხოლო ამ გოლებს შორის დუბლის ავტორი ჯორჟ დესპოტოვიჩი კარის წინ დატოვა, რომელსაც მესამეს გატანაც შეეძლო. „სპარტაკთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ 10 ორთაბრძოლა მოიგო, ხოლო მისი კარგი თამაშის წყალობით, ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვში 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

დატოვე კომენტარი