„როტორის“ მწვრთნელი - დავითაშვილთან პრეტენზია არ მაქვს
„როტორის“ მწვრთნელი - დავითაშვილთან პრეტენზია არ მაქვს

ვოლგოგრადის „როტორი“ რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში შინ „ტამბოვთან“ 0:2 დამარცხდა. 28-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს მასპინძელთა დაწინაურება შეეძლო, მაგრამ 40 წლის გამოცდილ მეკარეს, სერგეი რიჟიკოვს ვერ აჯობა და შანსი ხელიდან გაუშვა.

ვოლგოგრადელების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გადადგომაზე ფიქრობს, მაგრამ ქართველ ფეხბურთელზე საყვედური არ უთქვამს.

„მატჩის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო პენალტი, რომელიც „როტორმა“ პირველ ტაიმში ვერ გამოიყენა. დავითაშვილმა ვერ აჯობა რიჟიკოვს, რომელიც მასზე ორჯერ უფროსია. ზურიკო 19 წლისაა, „ტამბოვის“ მეკარე კი – 40 წლისა. რატომ დაარტყა ქართველმა პენალტი? გვაქვს სია იმ მოთამაშეების, რომლებიც პენალტებსა და სტანდარტულ ჯარიმებს ასრულებს. პენალტზე ორი ვარიანტი იყო, ამჯერად ზურიკომ დაარტყა. ბიჭებთან პრეტენზია არ მაქვს. მათ ბოლომდე იბრძოლეს. თუმცა შეცდომები გვქონდა“, – ამბობს ალექსანდრ ხაცკევიჩი.

მან იმ მიზეზეც ილაპარაკა, რის გამოც 19 წლის ქართელი ლეგიონერი მატჩის ბოლოს შეცვალა:

„დავითაშვილის შეცვლა და მის ნაცვლად მიქელთაძის შეყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ დროს უკვე აშკარა იყო, რომ ზურიკო გაჩერდა. მიქელთაძე კი დასვენებული იყო და თამაში უნდა გაეძლიერებინა. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მქონდა“. კორონავირუსის შემდეგ მან და კიდევ რამდენიმე მოთამაშემ ვარჯიში რამდენიმე დღის წინ განაახლეს და უცებ 90 წუთის თამაში ძნელი იყო“.