როს უილსონი ბრიჯიტ ბრინქთან დაკავშირებით Foreign Policy-ს ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს
როს უილსონი ბრიჯიტ ბრინქთან დაკავშირებით Foreign Policy-ს ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ბრიჯიტ ბრინქთან დაკავშირებით Foreign Policy-ს ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

„ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. შემიძლია გითხრათ, რომ ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებული იყო, რადგან არ ჰყავდა ელჩი აქ წარმოდგენილი და რადგანაც ეს ვითარება 2018 წლის ბოლომდე შენარჩუნდებოდა, სწორედ ამიტომ მომმართეს მე, რაც ჩემთვის პატივია. ვიმედოვნებ, შევძლებ მოვუტანო სიკეთე აშშ-სა და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა როს უილსონმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, სმენია თუ არა საქართველოს ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ბრიჯიტ ბრინქის მიმართ, როს უილსონმა განაცხადა: „მე არ მაქვს არავითარი ინფორმაცია ამის თაობაზე, მოგიწოდებთ, მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით“.

როგორც ამერიკული გამოცემა Foreign Policy ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩად ამერიკელი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ზედმეტად კეთილგანწყობილია. მედიასაშუალებას მოქმედმა და ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირებმა ვაშინგტონში უთხრეს, რომ საქართველომ მიანიშნა, რომ ბრინქის კანდიდატურის დანიშვნის შესახებ დიპლომატიურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

გამოცემა Foreign Policy-სთან მრავალმა ამერიკულმა და ქართულმა წყარომ ივარაუდა, რომ ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ამ ბრალდების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია.

ბრიჯიტ ბრინქის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე თვის წინაც გავრცელდა. ამ თემაზე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველ ჯონ ბოლტონს საქართველოში ვიზიტისას დაუსვეს კითხვა. როგორც მან განაცხადა, საქართველოში აშშ-ის ელჩის შერჩევა სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს უკავშირდება.

ამ დროისთვის, საქართველოს გარდა, ამერიკის ელჩი 50-მდე ქვეყანაში არ არის წარდგენილი ან დამტკიცებული.