„როიტერის“ ცნობით, უკრაინის დელეგაცია, ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით, დონალდ ტრამპის მრჩევლებს შეხვდა
უკრაინის დელეგაცია, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლებს შეხვდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ აცნობა, უკრაინის დელეგაცია ვაშინგტონში ტრამპის მიერ შერჩეულ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს, მაიკ უოლცსა და მის წარმომადგენელს უკრაინაში, კიტ კელოგს შეხვდა.
„უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრას ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტად არჩეული ჯეიმს დევიდ ვენსიც.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა უკრაინისთვის დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფა, თუმცა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნას კენჭისყრაზე არ დააყენებს.