რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ს და გერმანიას მართავს მედია და არა მათი ლიდერები

18:55, 03.10.2018

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დემოკრატია მედიასთან შეუთავსებელია. თურქული გამოცემა Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყნებსაც კი, მედია მართავს. მისი თქმით, ამაში ის აშშ-სა და გერმანიაში ვიზიტისას დარწმუნდა.

„მე ვნახე, რომ ამ უზარმაზარ ქვეყნებს მართავს მედია და არა მათი ლიდერები. რადგან, ყოველ ჯერზე, როდესაც მე მათ ვესაუბრებოდი, ისინი ამბობდნენ: „ჩვენი მედია ამბობს ამას, ჩვენი მედია წერს იმას“. მე მათ ვუთხარი, „უბრალოდ დაივიწყეთ მედია და მითხარით, რას ამბობს თქვენი ხალხი“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ გვაფასებს ხალხი. დემოკრატია უფლებამოსილია ხალხის მიერ. დემოკრატია არის, თუ არის ხალხი. დემოკრატია შეუძლებელია მედიასთან ერთად“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, კარგი პოლიტიკოსი ვერ გაატარებს ჯანსაღ პოლიტიკას, თუ მას მედიის ეშინია.

ერდოღანმა ასევე თურქ მეცნიერებს მოუწოდა, დაეხმარონ ხელისუფლებას თურქეთის წინააღმდეგ მედიაში წარმოებული საინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლაში

მსგავსი