„რეალმა“ მოსკოვში წააგო - „ფენერბახჩეს“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება [ვიდეო]
„რეალმა“ მოსკოვში წააგო - „ფენერბახჩეს“ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ 22-ე ტური დასრულდა. ტურის და მთლიანად, მეორე წრის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ცსკა“-მ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, მადრიდის „რეალი“ მიიღო. შეხვედრამ მოლოდინი ბოლომდე გაამართლა. „მეგა სპორტ არენაზე“ გამართული მატჩი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მადრიდელებმა პირველი ტაიმი ექვსი ქულის სხვაობით მოიგეს. თამაშის მეორე ნახევარში მასპინძლები უფრო უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლო წუთებზე შვიდქულიანი უპირატესობით დაწინაურება მოახერხეს. „რეალმა“ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ანგარიში 82:78 „ცსკა“-ს სასარგებლოდ. რუსულ კლუბში მორიგი შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა ნანდო დე კოლომ – ფრანგმა უკანახაზელმა 21 ქულა მიითვალა აქტივში. მადრიდელებს შორის ენტონი რენდოლფი 20 ქულით ლიდერი იყო. 22 ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 17 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ.

რეგულარული სეზონის ლიდერია „ფენერბახჩე“. სტამბოლურმა კლუბმა საკუთარ დარბაზში ათენის „პანათინაიკოსი“ უშანსოდ, ანგარიშით 85:66 დაამარცხა. „ფენერმა“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველსავე ტაიმში მოიპოვა, რომელიც 19 ქულის სხვაობით მოიგო. დარჩენილი დრო სრული ფორმალობა იყო. მასპინძელთა შორის, 14 ქულით და 7 მოხსნით, საუკეთესო ნიკოლო მელი გახლდათ. 12-12 ქულა ლუიჯი დატომემ და ერიკ გრინმა მოიპოვეს. „ფენერბახჩეს“ 19 გამარჯვება და მხოლოდ 3 მარცხი აქვს. რაც შეეხება „პაოს“, ბერძნული გრანდი მხოლოდ 12-ე ადგილზეა და პლეიოფში მოხვედრა საკმაოდ გაუჭირდება.

მილანი-დარუშაფაკა 90:78
ბასკონია-ბაიერნი 76:68