რატი იონათამიშვილი ოპოზიციას კონსენსუსისკენ მოუწოდებს
რატი იონათამიშვილი ოპოზიციას კონსენსუსისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციას კონსენსუსისკენ მოუწოდებს.

როგორც იონათამიშვილი აცხადებს, ოპოზიციას სცენარი წინასწარ ჰქონდა შემუშავებული და მიზეზს ეძებდა, რომ რადიკალური განცხადებები გაეკეთებინა.

„ქვეყნის თითოეული მოქალაქე გრძნობდა, რომ ჩვენი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩიხში იყვნენ შესული, სურვილი არ ჰქონდათ, რომ კონსენსუსი შემდგარიყო და მიზეზს ეძებდნენ იმისათვის, რათა რადიკალური განცხადებები გაეკეთებინათ.

როგორც ჩანს, სცენარი წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული, უარი ეთქვათ მოლაპარაკებაზე. მათ კონსენსუსისკენ მოვუწოდებ. კონსენსუსი არ არის ცალმხრივი პროცესი, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, უპირველესად – ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.