რატი იონათამიშვილი – ბიბილოვის განცხადება მიუღებელია და ვნახეთ მოსახლეობა, რომელსაც ძალიან ღირსეული რეაქცია ჰქონდა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ხელისუფლება თავისი განცხადებებითა და ქმედებებით საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებების პრინციპებსა და ღირებულებებს ყოველ ჯერზე ლახავს. ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რაზეც დღეს თანამედროვე საზოგადოება დგას.
„ცხადია, ანატოლი ბიბილოვის განცხადება თავისი შინაარსით თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია. ვნახეთ მოსახლეობა, რომელსაც ძალიან ღირსეული რეაქცია ჰქონდა და ცხადია, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყოველ ჯერზე შესაბამისად შევაფასებთ მსგავს განცხადებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და უსამართლობისკენ იქნება მოწოდებული.
საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო მეტად საუბრობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.