რატი იონათამიშვილი - არ მიკვირს, რომ მედიამ სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა სხვაზე ადრე გაიგო
რატი იონათამიშვილი - არ მიკვირს, რომ მედიამ სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა სხვაზე ადრე გაიგო

არ მიკვირს, რომ მედიამ სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა სხვაზე ადრე გაიგო, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომელიც გუშინ, სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან გამოსვლისას დაინტერესდა, თუ საიდან მიიღეს ინფორმაცია ჟურნალისტებმა მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე.

„არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო, რომ ქალბატონი ნინო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში, თქვენ, ჟურნალისტები უფრო ინფორმირებული ხართ, ვიდრე ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღები პირები.

გამოსარკვევია, როგორ და რანაირად მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება. თუმცა მეორე მხრივ, ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, მხოლოდ იმიტომ რომ სახალხო დამცველი არ ასახელებს ვის შეხვდა და მას აქვს უფლება, არ დაასახელოს ვის შეხვდა, უწოდებს დაკომპლექსებულს. ეს მეორე უბედურებაა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველსა და პატიმრებს შორის არსებობს კონფიდენციალობა და შეხვედრის შესახებ საჯაროობასთან დაკავშირებით თანხმობა არ აქვს. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური N9 დაწესებულებაში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას სტუმრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, ნინო ლომჯარია ირაკლი ოქრუაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და კახაბერ ნაკანს შეხვდა, გურამ დონაძემ კი შეხვედრაზე უარი განაცხადა.