რამაზ სვანაძე - მიხარია, რომ მალტასთან მატჩში ჩანაფიქრის განხორციელება მოვახერხეთ #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - მიხარია, რომ მალტასთან მატჩში ჩანაფიქრის განხორციელება მოვახერხეთ #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა მალტასთან მოგებულ შეხვედრაზე. მან განსაკუთრებით სლოვაკური „ჟილინას“ მცველი სანდრო ნარიმანიძე შეაქო, რომლის აქტიურობასაც მეორე გოლი მოჰყვა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა.

„თამაშამდე ვთქვი, რომ ლატვიასთან აგრესია და შორეული დარტყმები გვაკლდა, ამიტომ კარში მეტი დარტყმა გვჭირდებოდა. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ და მიხარია, რომ ეს ჩანაფიქრი მოედანზე გადავიტანეთ.

სანდრო ნარიმანიძეს კარგი დარტყმა აქვს. ამასთანავე, ბურთის წაღებაც კარგად შეუძლია და თავითაც მშვენივრად თამაშობს. სანდროს ბევრი პლუსი აქვს. სამწუხაროა, რომ თამაშის ბოლოს დაშავდა და იძულებული გავხდი, შემეცვალა.

ნარიმანიძე ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც მუდმივად თამაშობს. ეს ნაკრებში მის გამოსვლაზეც აისახა. სამწუხაროა, რომ გუნდის შემადგენლობაში მსგავსი სათამაშო პრაქტიკის მქონე ცოტა ფეხბურთელი გვყავს“, – ამბობს რამაზ სვანაძე.