რაგბის მსოფლიო თასი | ურუგვაიმ ნამიბია ბონუსქულით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი ურუგვაისა და ნამიბიის თამაშით განახლდა. პირველი ტაიმის წაგების მიუხედავად, ურუგვაიმ მაინც მოახერხა მოგება და ბონუსქულაც მოიპოვა – 36:26.
შეხვედრა ნამიბიელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-12 წუთზე ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. ურუგვაი ამის შემდეგ გააქტიურდა და სცადა თამაშის გამოსწორება, მოახერხეს კიდეც ორი ლელოს დადება, მაგრამ ტაიმი მაინც ნამიბიის გამარჯვებით დასრულდა – 20:12.
მეორე ტაიმშიც პირველი ქულები ნამიბილებმა სვინპულის ზუსტი საჯარიმო დარტმით მოიპოვეს. 48-ე წუთზე ნამიბიელები კაცნაკლულნი დარჩნენ (არბიტრმა კუცეს ყვითელი ბარათი აჩვენა და 10 წუთით გააძევა), რითიც ურუგვაელებმა კარგად ისარგებლეს, დაახლოებით ხუთწუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადეს და დაწინაურდნენ 26:23, თან ოთხი ლელოს დადებისთვის ბონუსქულაც მოიპოვეს.
63-ე წუთზე ნამიბიელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ორწუთიან მონაკვეთში არბიტრმა მათი ორი მორაგბე გაასინბინა და 13 მოთამაშით განაგრძეს თამაში. გაძევებულთაგან უანივი 10 წუთში მოედანზე დაბრუნდა, სეტიეს დარღვევა კი წითელ ბარათად გადაკვალიფიცირდა და ნამიბიას 14 მოთამაშით მოუწია შეხვედრის დასრულება, რამაც ურუგვაელებს საქმე გაუადვილა და საბოლოოდ, შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებიათ – 36:26.
ეს ამ მსოფლიო თასზე ნამიბიელთა მეოთხე თამაში იყო და მათ ჩემპიონატზე გამოსვლა ოთხიდან ოთხი წაგებით დაასრულეს.
28 სექტემბერს მსოფლიო თასზე ერთი თამაში გაიმართება – D ჯგუფში იაპონია სამოას შეხვდება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ურუგვაი-ნამიბია 36:26
ლელო: ამაია (2), კესლერი, არატა, ბასო – მუტონი, გრეილინგი.
გარდასახვა: ეჩევერი (3), ბერჩესი – სვინპული (2).
ჯარიმა: ბერჩესი – სვინპული (4).