რაგბი | ლადო კილასონია: ინგლისთან მოგების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში თავდაჯერებულნი მივდივართ #1TVSPORT
რაგბი | ლადო კილასონია: ინგლისთან მოგების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში თავდაჯერებულნი მივდივართ #1TVSPORT

24 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, არგენტინისა და იტალიის 20-წლამდელებთან ერთად მოხვდა.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში 13 ივნისს მიემგზავრებიან. შემადგენლობის დასახელების შემდეგ ნაკრების მთვარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ მომავალ ჩემპიონატზე და გუნდის მიზნებზე კომენტარი გააკეთა:

„წლების განმავლობაში 20-წლამდელთა გუნდში ასეთი მიდგომა გვქონდა – თუ მოთამაშეები მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის იყვნენ, არჩევანს ერთი წლით უმცროსებზე ვაკეთებდით, რაც განაპირობებდა გამოცდილი მოთამაშეების ბირთვის არსებობას მომავალი წლისთვის. ამ გუნდშიც არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებმაც შარშან „ექვსი ერის“ 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს და ეს ძალიან გვახარებს. მათ იციან, როგორია ყოველ ხუთ დღეში თამაში და როგორ უნდა მოემზადონ თამაშიდან თამაშამდე.

ინგლისთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სამხრეთ აფრიკაში ამაღლებულ განწყობაზე, თავდაჯერებულნი მივდივართ, თუმცა ისიც კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატია და მეტოქეებიც უძლიერესები არიან. ჩვენი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცით, რომ ყველა გუნდი მაქსიმალური მობილიზებით გვეთამაშება.

ჯგუფურ ეტაპზე ძლიერი მეტოქეები გვყავს. სამხრეთ აფრიკა მასპინძელია და ჩემპიონობის ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლებოდა, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კი გაორმაგებული მონდომებით ითამაშებს. იტალიასაც კარგი თაობა ჰყავს და 2022 წელს მანაც მოახერხა ინგლისის დამარცხება. მაღალი დონის, სწრაფი და მოძრავი გუნდია არგენტინა, რომელიც მეტოქეს შეცდომას, პრაქტიკულად, არასდროს პატიობს.

ასე რომ, რთული თამაშები გველის და ჩვენი მთავარი მიზანი თამაშიდან თამაშამდე ხარისხის გაუმჯობესება იქნება. საფრანგეთთან და ინგლისთან მიღებული გამოცდილება ძალიან წაგვადგება, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება“.

ლადო კილასონიას გუნდი პირველ შეხვედრას 24 ივნისს სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს (21:00 თბილისის დროით), 29 ივნისს საქართველოს ნაკრების მეტოქე არგენტინა იქნება (18:30), ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრაში 4 ივლისს იტალიას ვეთამაშებით (13:00).