ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულება - ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი და პოზნანი ​ემატება
ქუთაისის აეროპორტიდან შვიდი ახალი ავიამიმართულება - ბრიუსელი, კოპენჰაგენი, ბაზელი, ეინდჰოვენი, ტალინი, ბარი და პოზნანი ​ემატება

10 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) შვიდი ახალი მიმართულებით იფრენს. პირდაპირი რეგულარული რეისები ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის, ბარისა და პოზნანის მიმართულებით შესრულდება.

ამ მომენტისთვის, საქართველოდან შვეიცარიაში, დანიის სამეფოსა და ესტონეთში პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

„არსებული 21 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია „ვიზეარი“ 10 სექტემბრიდან, ეტაპობრივად შვიდი ახალი ევროპული მიმართულებით დაიწყებს ფრენებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე, რიგით მესამე თანამედროვე, „ეარბას A 320“ ტიპის საჰაერო ხომალდი დაიწყებს ოპერირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.

გარდა იმისა, რომ ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროპიდან ახალი ტურისტული ნაკადის მოზიდვაში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში ავიაკომპანია „ვიზეარის“ პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს „ვიზეარის“ მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის ხუთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს „ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 პროცენტი გადაიყვანა (587,643 მგზავრი).