„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული 13 პირის ადვოკატები გაასაჩივრებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მათთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. მათივე თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არის.

„სასამართლომ მიიღო განჩინება, რითიც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ ვერანაირი დასაბუთებული განჩინება ვერ ჩაგვბარდება. თავად შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი. ჩვენ გვქონდა მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვეთ, არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. ბრალდების შუამდგომლობა არანაირად არ იყო დასაბუთებული. სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ მიღებულ განჩინებას“, – განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე ამირხანაშვილმა.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი 10 ივნისს დააკავა, კანონიერ ქურდს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.