ქოჩორაშვილმა ისევ გაიტანა - „ლევანტემ“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
ქოჩორაშვილმა ისევ გაიტანა - „ლევანტემ“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა „ლევანტესთვის“, რომელმაც საშინაო არენაზე „კორდობასთან“ მოგება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა – 2:2.

მე-19 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი „ლევანტეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 85 წუთი ითამაშა და გოლის გარდა, მთლიანობაშიც დამაჯერებელად გამოიყურება. შედეგად, გიორგიმ მაღალი შეფასება, 7.6 ქულა დაიმსახურა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და მთავარი ამბები შესვენების შემდეგ მოხდა. თამაშის განახლებიდან ერთ წუთში „კორდობა“ ტეო ზიდანმა დააწინაურა. „ლევანტეს“ თამაში შემოატრიალა და 56-ე წუთზე მორალესმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 72-ეზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ქოჩორაშვილმა გოლად გარდასახა.

თუმცა, „კორდობამ“ საფინალო სასტვენამდე ანგარიში მაინც გაათანაბრა და „ლევანტე“ 19 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-4 პოზიციაზე დარჩა. ქართველმა ნახევარმცველმა კი მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა, მას ასევე სამი საგოლე გადაცემა აქვს.