ქეცბაიას „ანორთოსისი“ თასის ფინალამდე, ბოლო ტურში აეკ-თან დამარცხდა #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისი“ თასის ფინალამდე, ბოლო ტურში აეკ-თან დამარცხდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას ნათქვამი ახდა – ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ბოლო შეხვედრა ლარნაკას აეკ-თან უმოტივაციოდ ჩაატარა და დამარცხდა. ქართველმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი სიფრთხილის გამო დაასვენა.

„ანორთოსისს“ პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის ორი მშვენიერი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ შემტევებმა ვერ ივარგეს. თავის გამოჩენა შეეძლო გიორგი ქვილითაიას, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა მაკრატელათი სცადა გატანა და ბურთი კარს ააცილა. შესვენებაზე ქეცბაიამ დაუშვილი და ქვილითაია შეცვალა და სათასო ფინალისთვის დაასვენა.

ამან თამაშის ხასიათზე გავლენა მოახდინა. მეორე ტაიმში „ანორთოსისმა“ მომენტები კვლავ შექმნა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მერე კი გუნდის დაცვის პრობლემამ თავი კიდევ ერთხელ იჩინა. ანგარიში ჩრდილომაკედონიელმა ივან ტრიჩკოვსკიმ 66-ე წუთზე გახსნა. 78-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ტრიჩკოვსკიმ შეასრულა – გიორგი ლორიამ დარტყმის მიმართულებაც გამოიცნო, ბურთიც მოიგერია, მაგრამ მიმართულება შეცვლილი ბურთი საპირისპირო კუთხეში დატრიალდა და მაინც გავიდა.

საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ აეკ-თან საშინაო შეხვედრა 0:2 წააგო და 57 ქულით ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა. თემურ ქეცბაიას გუნდს სეზონის მთავარი მატჩი დარჩა სათამაშო – 15 მაისს ფამაგუსტელები კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდებიან.