ქეცბაია თასზე მოგებამ გაახარა, კვიპროსის ფედერაცია კი გააკრიტიკა - არ მესმის, ასეთი მჭიდრო კალენდარი რა საჭიროა​ [ვიდეო] #1TVSPORT
ქეცბაია თასზე მოგებამ გაახარა, კვიპროსის ფედერაცია კი გააკრიტიკა - არ მესმის, ასეთი მჭიდრო კალენდარი რა საჭიროა​ [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ „აპოელთან“ კვიპროსის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს ფეხბურთელებს. დიდი ენერგია დავხარჯეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი შევქმენით და გოლიც გავიტანეთ. „აპოელი“ ძალიან კარგი გუნდია, თუმცა მეორე ტაიმში 10 კაცით დარჩენილს მაინც ვერ გვაჯობა, ერთ-ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით. განმეორებით შეხვედრაში რთული დაპირისპირება გველოდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მოთამაშეებს, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს. ჯერ მაინც არაფერი დასრულებულა. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს“, – განაცხადა ქეცბაიამ.

ქართველმა მწვრთნელმა მჭიდრო სათამაშო გრაფიკის გამო კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა:

„შუა კვირაში თამაში სასიამოვნოა. ფედერაციას შეუძლია თასის გათამაშების მატჩები ორკვირიანი შუალედით დანიშნოს. როგორც ჩანს, ისინი სათანადოდ არ ფიქრობენ და არ ითვალისწინებენ, რომ ჩვენ ფინალურ ექვსეულში ვართ, სადაც ყველა ტურში ძლიერ მეტოქეებთან ვთამაშობთ. არ მესმის, ასე სწრაფად გამეორებითი მატჩის გამართვა რატომაა საჭირო. მაგრამ ჩვენ ამის მიუხედავად ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი „აპოელს“ 1:0 მოუგო, ხოლო განმეორებით შეხვედრას 21 აპრილს ნიქოზიაში მეტოქის მოედანზე გამართავს.