„ანორთოსისმა“ „აპოელს“ პირველი ნახევარფინალი მოუგო - ქეცბაიას გუნდი ფინალამდე ერთ ნაბიჯშია [ვიდეო] #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ „აპოელს“ პირველი ნახევარფინალი მოუგო - ქეცბაიას გუნდი ფინალამდე ერთ ნაბიჯშია [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის თასის ნახევარფინალში „ანორთოსისმა“ „აპოელს“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა, დაამარცხა და თასის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო ოთხივე ქართველი, მაგრამ მურთაზ დაუშვილმა 24-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, 53-ზე მსაჯმა მეორეც აუფრიალა და მოედანი დაატოვებინა.

იმ დროისთვის „ანორთოსისი“ 1:0-ს იგებდა. თორნიკე ოქრიაშვილის წამოწყებული შეტევის შემდეგ მე-19 წუთზე ნიკოს კალცასმა ანგარიში გახსნა. 45-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ახლოდან მისი დარტყმული ძელს მოხვდა.

რიცხობრივი სიმცირის გამო, თემურ ქეცბაია იძულებული გახდა, 57-ე წუთზე ჯერ გიორგი ქვილითაია შეეცვალა, ხოლო 76-ეზე – თორნიკე ოქრიაშვილიც, დაცვა რომ გაეძლიერებინა. რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა „აპოელმა“ შეუტია და გიორგი ლორიამ გუნდი აშკარა გოლისგან ოთხჯერ იხსნა.

საბოლოოდ, „ანორთოსისმა“ მოგება ხელიდან აღარ გაუშვა და ანგარიში შეინარჩუნა 1:0. კვიპროსის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრას „ანორთოსისი“ 21 აპრილს გამართავს – თემურ ქეცბაიას გუნდი „აპოელს“ ნიქოზიაში ესტუმრება.