ქეცბაია გულშემატკივრებმა გააბრაზეს - უმადურობა ყველაზე დიდი დანაშაულია #1TVSPORT
ქეცბაია გულშემატკივრებმა გააბრაზეს - უმადურობა ყველაზე დიდი დანაშაულია #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერთან, ლარნაკას აეკ-თან მარცხის (1:2) შემდეგ „ანორთოსისის“ ქართველმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ აღშფოთება ვერ დამალა. თემურ ქეცბაიას გუნდი ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს და 7 ტურის შემდეგ 6 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოდან მეორე, მე-11 ადგილზეა.

თემურ ქეცბაიამ „ანორთოსისის“ გულშემატკივრებს შეუტია, რომლებმაც აეკ-თან მარცხის შემდეგ მისი აზრით, უმადურობა და უღირსობა გამოავლინეს.

„რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს არ ველოდით. როგორც ჩანს, ჯერ არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც გვინდა ვიყოთ. გამოცდას ყველა აბარებს – მოთამაშეები, მწვრთნელები, ადმინისტრაცია და გულშემატკივრები. გუნდს დახმარება სჭირდება. როგორც ჩანს, ზოგს დაავიწყდა 13-წლიანი წარუმატებლობა და ორ წელიწადში რა გავაკეთეთ. ბატონებო უმადურობასაც საზღვარი აქვს! არ უნდა დაივიწყონ, რასაც მივაღწიეთ და ტრიბუნებზე „მწვრთნელები“ არ გვჭირდება“, – ამბობს თემურ ქეცბაია.

მან სწორედ ამ საუბრის დროს ახსენა წასვლის შესაძლებლობა.

„ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაშაული უმადურობაა. დაე, ზოგმა პატივი სცეს გუნდს და იმას, რასაც მივაღწიეთ. ექვსი მატჩი ჩავატარეთ, სეზონი ჯერ კიდევ წინ არის და ნუ გვასწავლიან, რა გავაკეთოთ, პატივი ეცით ბატონებო იმას, რაც ამდენი წლის განმავლობაში გავაკეთეთ. „ანორთოსისი“ მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არ არის. ნუ ასწავლით მათ, ვინც თქვენზე უფრო გაბრაზებულია. შედეგზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ და სანამ აქედან წავალ, ტიტულს ავიღებ“.