წარუმატებელი სერია გრძელდება - „ანორთოსისი“ ლიდერთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა გათამაშების ლიდერთან, ლარნაკას აეკ-თან გამართა და დამარცხდა.

ფამაგუსტელებში კარში გიორგი ლორია იდგა, ნიკა კაჭარავა და ნიკა ნინუა სათადარიგოებში იყვნენ, 61-ე წუთზე კაჭარავა მოედანზე გამოჩნდა.

„ანორთოსისის“ ფეხბურთელთა ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჩრდილოეთმაკედონიელი ტრიჩკოვსკის შეჩერება იყო, რომელსაც ბოლო 5 შეხვედრაში „ანორთოსისთან“ მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. მაგრამ ეს ვერ შეძლეს – ლარნაკალები 35-ე წუთზე პენალტით სწორედ ჩრდილომაკედონიელმა თავდამსხმელმა დააწინაურა.

49-ე წუთზე მეტ დერბიშირმა აეკ-ის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. „ანორთოსისმა“ ვითარების გამოსწორება სცადა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა – 90+4-ე წუთზე ლაზაროს ხრისტოდოპულოსმა პენალტი გამოიყენა, მაგრამ ფამაგუსტელები საბოლოოდ დამარცხდნენ – 1:2.

თემურ ქეცბაიას გუნდი ზედიზედ სამი მატჩია, ვერ იგებს და 7 ტურის შემდეგ 6 ქულით კვიპროსის ჩემპიონატში ბოლოდან მეორე, მე-11 ადგილზეა. ლარნაკას აეკ-მა კი ამ მოგებით ლიდერობა დაიბრუნა და ქართველების  „აპოლონი“ (15 ქულა) ისევ მეორე ადგილზე დააქვეითა.

დატოვე კომენტარი