ქეცბაია „ანორთოსისს“ დარჩენაზე სიტყვიერად შეუთანხმდა - არასოდეს დამავიწყდება ის ემოციები, რაც თამაშამდე მივიღე #1TVSPORT
ქეცბაია „ანორთოსისს“ დარჩენაზე სიტყვიერად შეუთანხმდა - არასოდეს დამავიწყდება ის ემოციები, რაც თამაშამდე მივიღე #1TVSPORT

კვიპროსული რადიო „სპორტ ფმ”-ის ცნობით, თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ „ანორთოსისის“ მთავარი აქციონერი, ქრისტოს პულაიდისი გუნდის მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ელაპარაკა და თანამშრომლობის განახლებაზე შეუთანხმდა. 

„ქეცბაია და პულაიდისი სიტყვიერად შეთანხმდნენ ახალ ორწლიან თანამშრომლობაზე, რომელსაც მალე მოაწერენ ხელს. ქეცბაია გუნდთან კონტრაქტს 2023 წლამდე აგრძელებს! ქართველ მწვრთნელს მნიშვნელოვნად გაზრდილი კონტრაქტი შესთავაზეს“, – ამტკიცებს გამოცემა „სპორტ ფმ“.

„ანორთოსისის“ მწვრთნელმა მისი კონტრაქტის შესახებ ტელეკომპანია ANT1-თან ეთერშიც ილაპარაკა სატელევიზიო არხზე: „ამ დღეებში დავსხდებით და ბევრ რამეს განვიხილავთ. კონტრაქტის განახლებამდე მინდა ვიცოდე, რა მიზანი აქვს გუნდს – მე მსურს, რომ „ანორთოსისს“ ჰყავდეს საჩემპიონო გუნდი, რომელსაც ტიტულებზე მუდმივი პრეტენზია ექნება. ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. თანამშრომლობის ნება ორივე მხრიდან არსებობს. ამ გუნდში დიდი დრო გავატარე, მაგრამ რაც თამაშის წინა დღეს და დაწყებამდე მოხდა, არასოდეს განმიცდია“.