„ანორთოსისის“ პრეზიდენტი - ქეცბაიას კონტრაქტს შევთავაზებთ და დავტოვებთ #1TVSPORT
„ანორთოსისის“ პრეზიდენტი - ქეცბაიას კონტრაქტს შევთავაზებთ და დავტოვებთ #1TVSPORT

კვიპროსის თასის ფინალში „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვების შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ პრეზიდენტმა, ევგენიოს ამბულასმა ტელეკომპანია „ალფა ტვ“-ს ეთერში განაცხადა, რომ ეს ტიტული გუნდისთვის ბევრს ნიშნავდა. 

„ძალიან ბრძოლისუნარიანი მეტოქე გვყავდა. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ეს დიდი სიხარულია ჩვენთვის, განსაკუთრებით ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რომლებსაც ბოლო 13 წლის განმავლობაში ტიტულით არ გაუხარიათ, მაგრამ ნავსი გავტეხეთ. წარმატებას ფამაგუსტას გულშემატკივრებს ვუძღვენით. ფეხბურთელებმა დღეს გასაოცარი მონდომება და შემართება გამოავლინეს, რამაც ძლიერი მეტოქის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – განაცხადა ამბულასმა.

„ანორთოსისის“ პრეზიდენტს კითხვა მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებაც დაუსვეს: „მოდი, ნუ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, რაც აშკარაა და ახსნას არ საჭიროებს. როდესაც ზოგიერთმა ჟურნალისტმა გვკითხა ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, მე ვუთხარი, რომ ჩვენი თემურ ქეცბაიასთან ურთიერთობა ძალიან მყარია და ჩვენი ცხოვრებაც ერთი მიმართულებით წავა. მე ვიცი, როგორ უნდა დავუჭირო მხარი თემურის მსგავს ადამიანებს. მალე ახალი ამბები გვექნება. მას კონტრაქტს შესთავაზებთ და ხელს მოაწერს, რადგან თემურს დარჩენა სურს“.

დატოვე კომენტარი