გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა ისეთი ატმოსფერო შექმნეს, ფინალამდე მთელი ღამე არ მეძინა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია - „ანორთოსისის“ გულშემატკივრებმა ისეთი ატმოსფერო შექმნეს, ფინალამდე მთელი ღამე არ მეძინა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კომენტარი გააკეთა კვიპროსის თასის ფინალის შემდეგ, რომელშიც „ანორთოსისი“ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა, დამატებულ დროში 2:1 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.

ქვილითაია მთელი შეხვედრის განმავლობაში ფამაგუსტელთა რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა. თუმცა, გადამწყვეტი გოლი მისი მონაწილეობით გავიდა, 110-ე წუთზე, ჩარლ ელუნდუს დარტყმა მეკარემ კარიდან გამოიტანა და ქვილითაიამ დამატებაზე გაიტანა. თუმცა, საბოლოოდ, გოლი ელუნდუს ჩაუთვალეს.

მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი ქვილითაია „ალფა ტვ“-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ხალხის თანადგომამ მასზე ძალიან იმოქმედა.

„ჩვენი გუნდი და მისი გულშემატკივრები ამ ზეიმს იმსახურებდნენ. გუშინდელი დღის შემდეგ, როდესაც გულშემატკივრებმა სტადიონზე და მის გარშემო გასაოცარი ატმოსფერო შექმნეს, დიდი ემოციები დამეუფლა. ამ გრძნობების გამო მთელი ღამე არ მეძინა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ხალხი ბედნიერი იყოს. მიხარია, რომ ჩვენ ეს შევძელით”, – განაცხადა ქვილითაიამ.

კითხვაზე, თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დაკონკრეტება არ ისურვა.

„მინდა ბედნიერი ვიყო და მალე ვნახავთ, მომავალ წელს სად ვიქნები”.