ქართველმა კულინარებმა საფრანგეთში, მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
ქართველმა კულინარებმა საფრანგეთში, მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გამართულ მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში syrha საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.

გამოფენა, რომელსაც 6 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიულ ჩემპიონატ Bocuse d’Or-ის პრეზიდენტმა, ჟერომ ბოკიუზიმ გახსნეს.

საქართველო 11-მა ახალგაზრდა მზარეულმა შეფმზარეულ ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა და სტუმრებს ქართული კერძები, ავთენტური ინგრედიენტები გააცნო.

გამოფენაზე ქართული კერძები ღია სამზარეულოში მომზადდა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ,  მომზადების პროცესს დასწრებოდნენ, დაეგემოვნებინათ ქართული კერძები: ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ხარჩო, ელარჯი და ა.შ. სპეციალური სივრცე იყო გამოყოფილი ღვინის დეგუსტაციისთვისაც.

Sirha 2019 ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.

აღნიშნული გამოფენა კიდევ ერთი  საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა, ქართული სამზარეულო, ქართული კულტურის უნიკალურობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოში კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.