ქართველი თავდამსხმელი მესამე ბუნდესლიგაში ითამაშებს - ოგბაიძეს ბერლინელებმა წინსვლა დაუფასეს #1TVSPORT
ქართველი თავდამსხმელი მესამე ბუნდესლიგაში ითამაშებს - ოგბაიძეს ბერლინელებმა წინსვლა დაუფასეს #1TVSPORT

ბერლინის „ვიკტორია 1889“-მ გერმანიის ნორდოსტის რეგიონული ჩემპიონატი მოიგო და მესამე ბუნდესლიგაში დაწინაურდა. გუნდი ახალ სეზონს „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩაატარებს და მის ფორმას ქართველი თავდამსხმელი მოირგებს – შაკო ოგბაიძე. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

ოგბაიძე 18 წლისაა და გუნდში მეორე სეზონია, რაც თამაშობს. ის 19-წლამდელთა გუნდის წევრი იყო, დასრულებულ სეზონში კი მწვრთნელი ბოლო წუთებს ხშირად ათამაშებდა, მომავალ სეზონს კი მთავარ გუნდში დაიწყებს. ქართველმა თავდამსხმელმა გუნდში სადებიუტო გოლი ბერლინის რეგიონულ თასზე 15 მაისს გაიტანა, სადაც „ვიკტორია 1889“-მ „ტენის-ბორუსია“ 3:0 დაამარცხა.

ქართველის თავდამსხმელის მე-3 ბუნდესლიგის გუნდში გადასვლაზე „ვიკტორია 1889“-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ჩვენ მივესალმებით 19-წლამდელების გუნდის სამ ტოპ-ტალანტს, რომლებიც მთავარ გუნდში ითამაშებენ – მატეო გუმანეჰს, შალვა ოგბაიძეს და იეზიდ ხაიმურს. მე-3 ბუნდესლიგაში პირველი სეზონისთვის მზადებისას, „ვიქტორიას“ U19 წლიანების გუნდიდან ეს სამი ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუერთდება. ისინი 2020/2021 წლების სეზონში ასპარეზობდნენ ჩრდილოეთ/ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის ბუნდესლიგაში.

„დაწინაურებისთვის სამივემ ბევრი იმუშავა. ეს შესანიშნავი მიღწევაა, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, რადგან 2002 წელს დაბადებულ მოთამაშეებს თამაშის შეჩერება ორ თვეზე მეტ ხანს მოუხდათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ სამეულმა პროფესიონალურ გუნდში გადაინაცვლა და იმედი მაქვს, რომ ფეხს მოიკიდებენ”- ამბობს „ვიკტორიას” 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი სემიჰ კესკინი.

კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბენედეტო მუციკატომაც გააკეთა:„ჩვენი კლუბის ფილოსოფიის ნაწილია ყოველწლიურად U19 წლამდელების გუნდიდან მინიმუმ სამი ახალგაზრდას დაწინაურება. რა თქმა უნდა, დიდების ფეხბურთი განსხვავებულია და ყველა მოთამაშე, ვისაც მაღალ დონეზე თამაში სურს, განსაკუთრებულად უნდა განვითარდეს. სამივე ამ ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ასაკობრივ გუნდში ვარჯიშები წინსვლისთვის გამოიყენეს და ახლა ჩვენს რიგებში დამსახურებულად დაწინაურებულებს მივესალმებით“.