ქართველი კალათბურთელების სადებიუტო მატჩები NBA-ში - მამუკელაშვილი ფაჩულიას გზაზე [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი კალათბურთელების სადებიუტო მატჩები NBA-ში - მამუკელაშვილი ფაჩულიას გზაზე [ვიდეო] #1TVSPORT

2021 წლის 20 ოქტომბერს ქართული კალათბურთის ისტორიაში, შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი გადაიშალოს – NBA-ში სადებიუტო მატჩი ითამაშოს სანდრო მამუკელაშვილმა. თუ 3:30 საათზე (თბილისის დროით) „მილუოკის“ მწვრთნელი „ბრუკლინთან“ მატჩისას მოედანზე სანდროს შეიყვანს, ის მეექვსე ქართველი იქნება, რომელსაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უთამაშია.

მანამდე კი დეტალებში გაგახსენებთ NBA-ში თითოეული ქართველი კალათბურთელის დებიუტს.

დრაფტის 27-ე ნომერი (1998 წელი)

დებიუტი: 2 თებერვალი, 1999 წელი

სიეტლი-გოლდენ სტეიტი 90:71
10 წუთი, 2 ქულა, 2 დაფარება, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა

ვოვა პირველი ქართველი და ერთ-ერთი პირველი ევროპელი იყო, ვინც დრაფტზე აურჩევიათ. იგი თავის NBA-ურ დებიუტს დიდხანს ელოდა. ჯერ სეზონი გვიან დაიწყო – იანვრის ბოლოს, შემდეგ მწვრთნელს ელოდა, რომელმაც პირველ მატჩში სტეფანიას მოედანზე შეყვანისგან თავი შეიკავა, არც მეორეში ათამაშა…

მესამე შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართა. ვოვას 10 წუთი ერგო და რაც შეეძლო გააკეთა – 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ორჯერ დააფარა. პირველ სეზონში მან „სიეტლის“ 50-დან 23 მატჩი ითამაშა. ყველაზე მეტი, 34 წუთი ბოლოსწინა შეხვედრაში ერგო და ამერიკული კარიერის პირველი ორმაგი დუბლიც გაიფორმა – „დალასთან“ 17 ქულას 10 მოხსნა მიამატა.

 

წლების შემდეგ აი, რას ჰყვება სტეფანია:

„ამერიკაში წასვლამდე ევროლიგის ნახევარფინალშიც ნათამაშები მქონდა და ევროლიგის „ოლ სტარშიც“. რაც მთავარია, „ოლიმპიაში“ სულაც არ ვიყავი მეორეხარისხოვანი კალათბურთელი. ასე რომ, ვერ ვიტყვი, ამერიკაში წასვლა ვიჩქარე-მეთქი.

უბრალოდ, მოვხვდი იქ, სადაც არ უნდა მოვხვედრილიყავი. მაშინ არ იყო იმდენი ინფორმაცია, რაც ახლაა. არც ის ვიცოდი, რომელი გუნდი როგორ ზრუნავდა კალათბურთელებზე და მათ პროგრესზე.

დღეს შემიძლია ვთქვა, რომ არ გამიმართლა – ამიყვანა „სიეტლ სუპერსონიქსმა“, რომელშიც ასეთი დახარისხება იყო: 7 მთავარი კაცი და დანარჩენები. გარი პეიტონში და კიდევ ექვს ვარსკვლავში სიეტლელები დიდ ფულს იხდიდნენ და სერიოზულ ყურადღებასაც აქცევდნენ, დანარჩენებს მოგვცემდნენ ბურთს და ხუთი-ხუთზე ითამაშეთო“.

2002 წელი
დრაფტის მე-5 ნომერი

დებიუტი: 30 ოქტომბერი, 2002 წელი

მინესოტა-დენვერი 83:77
29 წუთი, 9 ქულა, 2 დაფარება, 2 მოხსნა, 3 პასი

2000-იანების დასაწყისში NBA-ში შევიდა დირკ ნოვიცკი და თავისი უნივერსალიზმით ყველა გააოცა. სწორედ მაშინ დაიწყეს ევროპაში ახალი ნოვიცკების ძებნა და 2002 წელს „დენვერმა“ დიდი ავანსი გასცა ნიკა ცქიტიშვილზე – დრაფტზე მე-5 ნომრად აიჩია.

სკიტას ქართველ NBA-ელებს შორის საუკეთესო დებიუტი ჰქონდა, კევინ გარნეტის „მინესოტასთან“ წუთებიც საკმარისად ერგო და ქულებიც უხვად ჰქონდა. 4-დან 3 სამქულიანი – 9 ქულა.

 

„ვიცი, ამერიკაში 2002-ში არ უნდა წავსულიყავი, – მოგვითხრობს ნიკა, – თინეიჯერულ ასაკში NBA-ს კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა იყო. მანამდე ევროპაში სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა, იტალიური „ბენეტონის“ შემადგენლობაში ევროლიგაზე ჯამში 40 წუთიც არ მქონდა ნათამაშები. არ უნდა ავჩქარებულიყავი, ევროპაში კიდევ ორი წელი მეთამაშა და NBA-ზე შემდეგ მეფიქრა.

ნიკას ვკითხე: დროის დაბრუნების შესაძლებლობა რომ გქონდეს, ამერიკაში 18 წლისა არ წახვიდოდი-მეთქი? კითხვითვე მიპასუხა:

„შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. ამერიკული გუნდები გპირდებიან, რომ NBA-ს დრაფტზე ტოპ-ხუთეულში აგიყვანენ, რაც გარანტირებულ სამწლიან კონტრაქტს გულისხმობს. ასეთ დროს, არ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ შენ ამას იმსახურებ, რომ შეგიძლია ვარსკვლავებში ვარსკვლავურად ითამაშო? არ შეგემატება თვითრწმენა, თავდაჯერება? იტყვი უარს?“

2003 წელი
დრაფტის 42-ე ნომერი

დებიუტი: 5 ნოემბერი, 2003 წელი

ორლანდო-ჩიკაგო 100:106
16 წუთი, 7 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.

NBA-ის 2003-04 წლების სეზონის სტარტს ზაზა სათადარიგოთა სკამზე შეხვდა. დებიუტში, 29 ოქტომბერს „ორლანდომ“ „ნიუ იორკი“ ისე დაამარცხა (85:83), ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. შემდეგ იყო წაგება „ნიუ ორლეანთან“, „დეტროიტთან“, „ნიუ იორკთან“… ოთხი მატჩი რომ შევკრიბოთ 192 წუთს მივიღებთ. ზაზას აქედან წამიც არ რგებია.

„ორლანდოს“ მაშინდელმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა საწყის 4 შეხვედრაში არ მათამაშა. რამაც ძალიან გამაბრაზა. თამაში მინდოდა, მწვრთნელი სხვაგვარად ფიქრობდა.

ათწლეულის გადასახედიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. გულის მოსვლა ჩემი გამოუცდელობის ბრალი იყო. მაშინ 19 წლისა ვიყავი. რივერსმა მითხრა: ახალგაზრდა ხარ, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში ახლა იკიდებ ფეხს, არ ვიცი, როდის დამჭირდები, როდის ჩაგრთავ თამაშში, ყოველთვის მზად უნდა იყოო.

გუნდის ვარჯიშების შემდეგ მერიდებოდა, რომელიმე ასისტენტისთვის მეთხოვა, დამატებითი წვრთნისთვის დარბაზში მეორედ მომეყვანა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე პირადი მწვრთნელის აყვანა – თურქეთიდან ფატმირ ქუკა ჩამოვიყვანე. ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ხოლო თამაშის დღეებში, თუ მოედანზე გასვლა მცირე ხნით მიწევდა, დარბაზში ვრჩებოდი. ყოფილა შემთხვევა, ღამის 2 საათამდე მივარჯიშია“, – იხსენებს ფაჩულია.

 

„ჯადოქრებმა“ სეზონი „ჯადოსნურად“ დაიწყეს – სასტარტო ხუთ მატჩში ოთხი მარცხი. მეხუთედ „ჩიკაგო ბულსთან“ დათმეს… „ხარებთან“ თამაშის პერიპეტიები „ორლანდოს“ მაშინდელ წევრთაგან, ალბათ, არავის ემახსოვრება გარდა დებიუტანტი ზაზა ფაჩულიასი, რომელმაც პირველად სწორედ „ჩიკაგოსთან“ დაპირისპირებაში შაბიჯა NBA-ში. მატჩის დაწყებიდან 11:45 წუთი იყო გასული დოკ რივერსმა რომ მიუთითა – სტივენ ჰანტერი შეცვალეო. ფაჩულია მოედანზე შეფრინდა და ტაისონ ჩენდლერს აეწება.

ზაზამ მოხსნა, ჩაჭრა, პასი შეასრულა, ჩააგდო, მეტოქეებს წესების დარღვევა აიძულა… მწვრთნელმა ახალგაზრდა დებიუტანტს „ბულსთან“ 16 წუთი დაუთმო. ზაზამ 7 ქულა ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ მოხსნა, თითო პასი-დაფარება და 2 ჩაჭრა გაიფორმა.

„მოუთმენლად ველოდი მოედანზე გასვლას. როცა ამის შანსი მომეცა, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მწვრთნელისგან მეტ ნდობას ვიმსახურებდი. შესაძლოა, NBA-ში ამაზე სამჯერ ეფექტური შეხვედრებიც მქონდა, მაგრამ „ჩიკაგოსთან“ დაპირისპირება ერთ-ერთი მთავარია ჩემს კარიერაში“.

2012 წელი
ფილადელფია (იმავე საღამოს „ბრუკლინს“ დაუთმო)
დრაფტის 54-ე ნომერი

დებიუტი: 7 ნოემბერი, 2012 წელი

მაიამი-ბრუკლინი 103:73
12 წუთი, 2 ქულა, 1 მოხსნა.

თორნიკე შენგელია 2012 წლის დრაფტზე „ფილადელფიამ“ აირჩია და „ბრუკლინ ნეთსს“ დაუთმო, გუნდს, რომელსაც ჩემპიონობა ჰქონდა მიზნად დასახული და სერიოზული შემადგენლობა ჰყავდა შეკრებილი – გარნეტით დაწყებული კირილენკოთი დამთავრებული.

თორნიკეს, ისევე როგორც ვლადიმერ სტეფანიას, დებიუტამდე ორი მატჩით მოცდა მოუწია. ისევე როგორც ვოვამ თოკომაც 2 ქულა ჩააგდო. კიდევ ერთი მსგავსება – შენგელიასაც შიგადაშიგ უწევდა თამაში – პირველ სეზონში ჯამში 19 შეხვედრა მოუგროვდა.

 

თორნიკემ წელიწადნახევარი „ბრუკლინში“ ითამაშა, რომელიც დიდი შედეგებით ვერ დაიტრაბახებდა. 2014 წელს „ჩიკაგო ბულსში“ გადავიდა. იქაც ცოტა დრო ჰქონდა.

„NBA-ს რეგულარულ სეზონში კვირაში 3-4 თამაშია, გუნდები მატჩიდან მატჩამდე შედიან ფორმაში, თუ მოედანზე გასვლა იშვიათად გიწევს, ვერც ფორმაში შეხვალ და სათამაშო პრაქტიკაც არ გექნება. ვარჯიშებზე არავინ იტვირთება, რათა მომდევნო დღის თამაშისთვის საღად იყოს. მთელი სეზონი მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნა ბევრს არაფერს შეგმატებს“, – თქვა თორნიკემ და კარიერის ევროპაში გაგრძელება გადაწყვიტა.

დღეს იგი ბებერი კონტინენტის საუკეთესო ფორვარდთაგანია.

 

2019 წელი
დრაფტის მე-18 ნომერი

დებიუტი: 26 ოქტომბერი, 2019 წელი

კლივლენდი-ინდიანა 110:99
4 წუთი, 2 ქულა, 1 მოხსნა.

სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის გამოტოვების შემდეგ, გოგა ბითაძემ კლივლენდში გამართულ მომდევნო შეხვედრაში ითამაშა. დებიუტი ისეთი არ გამოვიდა, ქართველ გულშემატკივარს რომ გაეხარდება – ბითაძეს პარკეტზე შესვლიდან 4 წუთში მუხლი ასტკივდა და მოედანი დატოვა.

წარუმატებელი დებიუტიდან მეექვსე დღეს „ინდიანა“ მეორედ შეხვდა „კლივლენდს“ და გოგამ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს მკაფიოდ დაანახა – ოქმში 10 ქულა და 9 მოხსნა დააფიქსირა. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მონაცემები განახლდა და აღმოჩნდა, რომ სტატისტიკოსებმა ბითაძეს ერთი მოხსნა დააკლეს. დღეს რომელ საიტზეც გინდათ ნახოთ, გოგას მონაგარში „კლივლენდთან“ 10 ქულა და 10 მოხსნა წერია. ეს „ინდიანას“ შემადგენლობაში მისი პირველი, ხოლო NBA-ში 126-ე ქართული ორმაგი დუბლი გახლდათ.

 

„ვფიქრობ, რომ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი. შეიძლება არ იყო ეს დიდი ნაბიჯი, მაგრამ მწვრთნელის ნდობასა და წუთების დამსახურებას დრო სჭირდება და ვფიქრობ, რომ აქედან უნდა დავიწყო უფრო დიდი ნაბიჯებით წინსვლა, რისი შესაძლებლობა და რესურსებიც მაქვს“, – ასეთი იყო ახალგაზრდა ქართველი ცენტრის კომენტარი პირველი სეზონის შემდეგ.

მას წინა ხაზში სერიოზული კონკურენციის დაძლევა უწევს. „ინდიანაში“ ხომ მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი თამაშობენ.

„ტერნერთან და საბონისთან ვარჯიში და მათი ყურება დიდი გამოცდილებაა და ვფიქრობ, რომ ეს მეხმარება. კონკურენციაც კარგია, რადგან ეს გიბიძგებს, რომ უფრო მეტი ივარჯიშო, მაგრამ რთულია, რადგან ორივე ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, შესაბამისად უფრო და უფრო მეტი ვარჯიში მჭირდება, რომ მათ დონემდე მივიდე და მათზე უკეთესი გავხდე.“

დრაფტის 54- ნომერი

დებიუტი: ველით

სანდრო მამუკელაშვილი „ბრუკლინთან“ სეზონის სადებიუტო მატჩის განაცხადშია. ითამაშებს თუ არა, მწვრთნელის გადასაწყვეტია.

თუმცა საგამოფენო მატჩებში ქართველმა ფორვარდმა იმდენად ეფექტურად ითამაშა, დიდია ალბათობა, მწვრთნელმა დაუფასოს და „ბრუკლინთან“ თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.

წინასასეზონო 5 მატჩში  მამუკელაშვილი საშუალოდ 22.3 წუთში 8.4 ქულასა და 6.6 მოხსნას აგროვებდა.