ქართველი ძალოსნები გურამ გიორბელიძე და რევაზ დავითაძე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს #1TVSPORT
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები რევაზ დავითაძე (94 კგ) და გურამ გიორბელიძე (67 კგ) დოპინგის მოხმარების გამო ოთხწლიანი დისკვალიიკაციით დასაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.
ფედერაციის ცნობით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება და გააგრძელებენ ბრძოლას უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
„ქართველი ძალოსნების საქმეზე CAS-ის ახალი გადაწყვეტილება.
ძალოსანი რევაზ დავითაძე, უკვე მეორედ, დიდების მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლის შემდეგ, შეჯიბრებიდან მოხსნეს.
შეგახსენებთ, რომ დავითაძე ნორვეგიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, სადაც მისი გამოსვლა დღეს, 9 ოქტომბერს იყო დაგეგმილი. სპორტსმენი 94კგ წონითი კატეგორიის ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა.
საქმე ეხება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) გადაწყვეტილებას, რომელმაც შეცვალა ქართველი ძალოსნების რევაზ დავითაძისა და გურამ გიორბელიძის მიმართ საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს GADA-ს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და ორივე სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია გააგრძელებს ბრძოლას სპორტსმენთა უდანაშაულობის დასამტკიცებლად და სამართლიანობის აღსადგენად.
ფედერაცია ვრცელ, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს“, – ნათქვამია ძალოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
რევაზ დავითაძე ევროპის ჩემპიონია, მან ტიტული 2018 წელს მოიპოვა, ის ასევე არის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. რაც შეეხება გურამ გიორბელიძეს, მან მიმდინარე წელს კონტინენტის პირველობაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.